საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა (Operating Licence) წარმოადგენს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გაიცემა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და მისი ფლობა ესაჭიროება ყველა იმ საწარმოს (ავიაგადამზიდველს), რომელსაც სურს კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის წარმოება საქართველოში. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა მოიცავს საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის (ავიაკომპანიის) მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის კომერციული მიზნით განხორციელებას, მათ შორის, საჰაერო ხომალდის სხვა ექსპლუატანტისთვის ეკიპაჟიანი იჯარით გადაცემას. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა ადასტურებს, რომ ავიაგადამზიდველი ფინანსურად მდგრადი საწარმოა, რომელსაც ბაზარზე ოპერირება შეუძლია იმგვარად, რომ გამოირიცხოს მოკლე დროში მისი ბაზრიდან გასვლა ფინანსური სირთულეების გამო, რაც დამაზიანებელია როგორც საავიაციო ბაზრის, ასევე მომხმარებელთა ინტერესებისთვის. ავიაგადამზიდველების მიერ არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეფასებას და მათ ფინანსურ საიმედოობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.

საავიაციო საქმიანობის – კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების ძირითადი პრინციპები მოცემულია საქართველოს საჰაერო კოდექსში, ხოლო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის დეტალური წესები და პირობები განსაზღვრულია „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანებით. შესაბამისი ნორმატიული აქტები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

იმისათვის, რომ საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა მიიღოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, მან უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი ძირითადი მოთხოვნები:

  • საქმიანობის ადგილი (Principal Place of Business) – მოწმობის მაძიებლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უნდა იყოს საქართველო. საქმიანობის ძირითად ადგილში მოიაზრება საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფელი, სადაც ხორციელდება ძირითადი საფინანსო ოპერაციები, ოპერირების დაგეგმვა და ფრენის ვარგისობის შენარჩუნების მართვა;
  • უპირატესი საკუთრება და ეფექტური კონტროლი (Ownership and Effective Control) – მოწმობის მაძიებელ იურიდიულ პირს უნდა ფლობდეს /ფლობდნენ საქართველოს მოქალაქე(ები), თავად საქართველოს სახელმწიფო, სახელმწიფო საკუთრების ფორმით, ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი. ამასთან, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ზემოაღნიშნული მესაკუთრეები საწარმოში საკუთრების უფლებით ფლობდნენ კაპიტალში ხმის უფლების მქონე წილების ან აქციების 50%-ზე მეტს (უპირატესი საკუთრების მოთხოვნა) და საწარმოს საკონტროლო პაკეტის ფლობასთან ერთად, ეფექტურად მართავდნენ საწარმოს (ეფექტური კონტროლი);
  • საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) – მოწმობა არ გაიცემა, თუ კომპანია უკვე არ ფლობს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს ოპერატორის მიერ ფრენების უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობას.
  • ფინანსური მდგრადობა – კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია პირველი 24 თვის განმავლობაში შეასრულოს ვალდებულებები და პირველი 3 თვის განმავლობაში დაფაროს ფიქსირებული და საოპერაციო ხარჯები ოპერირებიდან მიღებული შემოსავლის მიღების გარეშე;
  • დაზღვევა: სავალდებულოა მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირების წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
  • კარგი რეპუტაცია: სავალდებულოა რომ კომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პირი (პირები) სარგებლობდნენ დადებითი რეპუტაციით.

მოწმობის მაძიებელთა მიმართ დადგენილი დეტალური მოთხოვნები და სააგენტოში წარმოსადგენი დოკუმენტაცია განსაზღვრულია „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესში“, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე. ამასთან, ამავე ბმულზე და სააგენტოს სახელმძღვანელო მასალებში შეგიძლიათ გაეცნოთ „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის მომწესრიგებელი ნორმების განმარტებით სახელმძღვანელოს“,  რომელიც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობის მაძიებელ საწარმოებს, ინვესტორებს, არსებულ ავიაგადამზიდველებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს დაეხმარებათ წესით გათვალისწინებული ნორმების, არსებული თუ პოტენციური ვალდებულებების უკეთ გაგებაში.

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის“ შესაბამისად, ავიაგადამზიდველები იყოფა ორ კატეგორიად მათი საქმიანობის მასშტაბის, საჰაერო ხომალდის ტევადობისა და ფინანსური რისკების მიხედვით. საწარმოების ამგვარი დაყოფის მიზანია მათზე პროპორციული მოთხოვნების გავრცელება. რაც უფრო დიდია საჰაერო ხომალდი და რაც უფრო კომპლექსურია ოპერაციები, მით უფრო მკაცრია ფინანსური ზედამხედველობის მოთხოვნები.

„ა“ კატეგორიის საწარმო ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არის ან აღემატება 10 ტონას და/ან რომლის ადგილების რაოდენობა არის  ან აღემატება 20-ს.

„ბ“ კატეგორიის საწარმო ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასანაკლებია 10 ტონაზედა/ან რომლის ადგილების რაოდენობა ნაკლებია 20-ზე.

“ა“ კატეგორიის საწარმოებზე ვრცელდება „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესით“ გათვალისწინებული მოთხოვნების სრული სპექტრი, ხოლო „ბ“ კატეგორიის საწარმოზე – შემსუბუქებული (გამარტივებული) ფინანსური მოთხოვნები. მაგალითად, თუ წმინდა აქტივები გარკვეულ ზღვარს (100,000 ევრო) აკმაყოფილებს, მათ არ მოეთხოვებათ იმავე მოცულობის დეტალური ფინანსური ანგარიშგების წარმოდგენა, რასაც სააგენტო ითხოვს „ა“ კატეგორიის საწარმოებისგან. 

აქვე, საყურადღებოა, რომ “ბ” კატეგორიის საწარმოს მიმართ ავტომატურად გავრცელდება “ა” კატეგორიის საწარმოს მიმართ დადგენილი მოთხოვნებში, თუ მისი წლიური ბრუნვა გადააჭარბებს 3 მილიონ ევროს ან დაიწყებს რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებს, მიუხედავად ხომალდის სიმცირისა.

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა უვადოდ, თუმცა მოწმობის ძალაში ყოფნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზედმიწევნით ასრულებს ავიაკომპანია დადგენილ მოთხოვნებს. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გადაამოწმოს საწარმოს ფინანსური მდგომარეობა და შეაჩეროს ან გააუქმოს მოწმობა დარღვევის შემთხვევაში.

ავიაგადამზიდველი, რომელიც ფლობს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას, ვალდებულია აცნობოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებისმიერი ისეთი ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მის ფინანსურ მდგრადობაზე ან სამართლებრივ სტატუსზე.

წინასწარი შეტყობინება სავალდებულოა:

  • იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გეგმავს ახალ საავიაციო ბაზრებზე ოპერირების დაწყებას;
  • მნიშვნელოვნად იცვლება საქმიანობის მოცულობა;
  • იცვლება გამოყენებული საჰაერო ხომალდების ტიპი ან/და რაოდენობა;
  • იმ შემთხვევაში, თუ საწარმოში იგეგმება რეორგანიზაცია (სტრუქტურული გარდაქმნა/ცვლილება);

შეტყობინების ვალდებულება ცვლილებიდან/განხორციელებიდან 14 დღის ვადაში:

  • შეიცვალა ავიაგადამზიდველის მესაკუთრე ან წილობრივი მფლობელობა (მესაკუთრის წილის (აქციათა) ცვლილება შეადგენს ავიაგადამზიდველის, მისი მშობელი საწარმოს ან ჰოლდინგის წილის (აქციათა) საერთო რაოდენობის 10%-ს ან მეტს);
  • ავიაგადამზიდველის ან/და შუამავალი იურიდიული პირის კაპიტალში განხორციელდა შენატანი. ამ შემთხვევაში მოითხოვება ინფორმაცია ახალი შენატანის/ინვესტიციის და ამ თანხების წარმომავლობის შესახებ.

თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოყვანილი ცვლილება/ქმედება მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ავიაგადამზიდველის ფინანსურ მდგომარეობაზე, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა და 3 თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება ცვლილების მიზანშეწონილობის შესახებ.

გამონაკლისი: დაგეგმილი და/ან განხორციელებული ცვლილებების შეტყობინების ვალდებულება არ ვრცელდება “ბ” კატეგორიის საწარმოზე.

სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის შესახებ განაცხადის და ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულის შემდეგ, სააგენტოს გადაწყვეტილება ეცნობება განმცხადებელს.

„საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის“ შესაბამისად, ეფექტური კონტროლი (Effective Control) არის პირის ურთიერთდამოკიდებულება საწარმოსთან, რომელიც გამოიხატება, მათ შორის, უფლებებით, ხელშეკრულებებით ან ნებისმიერი სხვა სახით, რომლებიც ცალ-ცალკე ან ერთობლივად და სათანადო ფაქტობრივი მტკიცებულების ან კანონმდებლობის საფუძველზე, იძლევა საწარმოზე პირდაპირი თუ ირიბი გზით გადამწყვეტი ზეგავლენის განხორციელების შესაძლებლობას.  

სააგენტო საწარმოზე ეფექტურ კონტროლს შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით აფასებს:

  • სტრატეგიული გადაწყვეტილებები: ვინ ნიშნავს დირექტორატს? ვის აქვს ვეტოს უფლება ბიზნესგეგმის შეცვლაზე ან მსხვილ ინვესტიციებზე?
  • საოპერაციო დამოუკიდებლობა: შეუძლია თუ არა ქართულ მენეჯმენტს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ფრენების გეოგრაფიაზე, ტარიფებზე და კადრებზე?
  • ფინანსური ნაკადები: ვინ უზრუნველყოფს საწარმოს კაპიტალით? ხომ არ არის კომპანია ფინანსურად სრულად დამოკიდებული ისეთ სუბიექტზე, რომელიც არ არის საქართველოს რეზიდენტი და რეალურად მართავს ბიზნესის დღის წესრიგს?
  • მოწილეთა უფლებები: არის თუ არა მოწილეთა შორის ისეთი შეთანხმებები, რომლებიც ხმის უმრავლესობის მიუხედავად, გადამწყვეტ ხმას ანიჭებს უმცირესობაში მყოფ (მაგ. უცხოელ) პარტნიორს?

ეფექტური კონტროლის საკითხის შეფასება ხორციელდება თითოეული ცალკეული განაცხადის დამოუკიდებლად შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ზემოთ ნახსენები და სხვა კრიტერიუმების, კონკრეტული სამართლებრივი და ფაქტობრივი ასპექტების გათვალისწინებით.

საკითხზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია სააგენტოს სახელმძღვანელო მასალებში  (იხ. „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის მომწესრიგებელი ნორმების განმარტებით სახელმძღვანელო“).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოსადგენი ბიზნეს გეგმა უნდა პასუხობდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

მოწმობის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს განხორციელების გონივრული პერსპექტივის მქონე პირველი სამი წლის ბიზნეს გეგმა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი საწარმოს ხედვა კომერციული საქმიანობის განვითარების შესახებ, განსახორციელებელი ინვესტიციები, შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა, საოპერაციო გეგმები, მომსახურების სახეები, საჰაერო ხომალდების ტიპები, სამიზნე ბაზრები, კონკურენტული უპირატესობები და ა.შ.

ბიზნეს გეგმის მიმართ დეტალური მოთხოვნები დადგენილია „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესში“, რომელიც ხელმისაწვდომია მოცემულ ბმულზე. ამასთან, ამავე ბმულზე და სააგენტოს სახელმძღვანელო მასალებში შეგიძლიათ გაეცნოთ „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის მომწესრიგებელი ნორმების განმარტებით სახელმძღვანელოს“, რომელიც იძლევა დამატებით ინფორმაციას ბიზნეს გეგმის შინაარსის მიმართ.

სააგენტოს მიერ მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს, ახალი განცხადებით მიმართოს სააგენტოს უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

ავიაკომპანიის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მოქმედება შეჩერდება იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია არ დაიწყებს ფრენებს მოწმობის გაცემიდან 6 თვის განმავლობაში, ან თუ იგი შეწყვეტს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას 6 თვეზე მეტი ვადით.

სააგენტო მიერ გაცემული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობების არსებული სტატუსი შეგიძლიათ გადაამოწმოთ მოცემულ ბმულზე

დიახ, იმისათვის რომ განმცხადებელმა შეძლოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მიღება, აუცილებელია მის განკარგულებაში, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის პირველ დანართში, ჰყავდეს სულ მცირე ერთი საჰაერო ხომალდი მშრალი იჯარის ხელშეკრულების ან/და საკუთრების უფლებით.

არა, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ან/და ძრავას გარეშე საფრენი აპარატით კომერციული საქმიანობისთვის თქვენ არ გესაჭიროებათ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.

დიახ. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის საფასური „ა“ კატეგორიის საწარმოსათვის არის 12500 ლარი, ხოლო „ბ“ კატეგორიის საწარმოსათვის – 3000 ლარი.

 თუ სააგენტომ წარმოდგენილი განაცხადი არ მიიღო წარმოებაში ან/და სააგენტოს მიზეზით უარი განაცხადა მომსახურების გაწევაზე, ასეთ სემთხვევაში გადახდილი საფასური უბრუნდება განმცხადებელს. სხვა ემთხვევაში გადახდილი საფასური არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

მოწმობის მფლობელი ვალდებულია, საანგარიშო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, სააგენტოს წარუდგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთან, სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ავიაკომპანიამ უნდა მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელია დადგენილ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის დასადასტურებლად.