ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა მაროკოს სამეფოს ქალაქ მარაკეშში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გლობალური იმპლემენტაციის მხარდაჭერის სიმპოზიუმში (ICAO GISS 2026) მიიღო მონაწილეობა.

ICAO-ს გენერალურ მდივან ხუან კარლოს სალაზართან და ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ნიკოლას რალოსთან შეხვედრაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა წარმატებულ თანამშრომლობასა და ქვეყნის ავიაციის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა საქართველოში საავიაციო სექტორის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე, მზარდ საჰაერო მიმოსვლაზე და ამ ფონზე საავიაციო უსაფრთხოების, უშიშროების უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის მაღალი სტანდარტების არსებობაზე. შეხვედრის ფარგლებში, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ICAO-ს ეგიდით საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ აქტივობებზე. აღინიშნა, რომ 2026 წელს საქართველო არაერთი მაღალი რანგის ღონისძიების მასპინძელი იქნება, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის როლს მსოფლიო საავიაციო რუკაზე, ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და ავიაციისთვის აქტუალურ საკითხებზე ადგილობრივი ინდუსტრიის ცოდნის დონის ამაღლებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წლის ივნისში საქართველოში სააგენტოს მასპინძლობით დაგეგმილ ინფორმაციის სისტემური მართვის (SWIM) შესახებ ICAO-ს რეგიონთაშორისო სემინარს, რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ატლანტიკისა (EUR/NAT) და ახლო აღმოსავლეთის (MID) რეგიონების წამყვან ექსპერტებს გააერთიანებს.
სიმპოზიუმის ფარგლებში, გივი დავითაშვილი ასევე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტ ტოშიუკი ონუმას შეხვდა, მას თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე, რომელიც, ამავე დროს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გლობალური ელჩი საქართველოში.
