სახელმძღვანელო მასალები

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეიმუშავა ავიასაწარმოს მიერ საავიაციო უშიშროების რისკის ადგილობრივი შეფასების დამხმარე სახელმძღვანელო. დოკუმენტის მიზანია, ავიასაწარმოებში რისკის შეფასების დანერგვისა და პროცესის სწორად და თანამიმდევრულად განხორციელების ხელშეწყობა. ავიასაწარმოების მიერ რისკის ადგილობრივი შეფასების განხორციელების ვალდებულებას ადგენს „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის N556 დადგენილება. სახელმძღვანელოში განხილულია, თუ რომელ ავიასაწარმოებზე ვრცელდება რისკის ადგილობრივი შეფასების განხორციელების ვალდებულება, მართლსაწინააღმდეგო ქმედების სცენარის სახეები, რისკის შეფასების კომპონენტები, რისკის გამოსათვლელი ფორმულა, გაანგარიშების წესი, საფრთხის დონის შესაბამისი საავიციო უშიშროების უზრუნველყოფის ზომები და სხვა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შეიმუშავა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის მომწესრიგებელი ნორმების განმარტებითი სახელმძღვანელო. დოკუმენტი წარმოადგენს „საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის“ დამხმარე სახელმძღვანელოს, რომელიც მომზადებულია ევროკავშირისა და საქართველოს უახლესი პრაქტიკის ანალიზისა და ევროკომისიის მიერ შემუშავებული ინტერპრეტაციის საფუძველზე. განმარტებითი სახელმძღვანელოს მიზანია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობის მაძიებელ საწარმოებს, ინვესტორებს და უკვე არსებულ ავიაგადამზიდველებს გაუადვილდეთ წესით გათვალისწინებული ნორმების, არსებული თუ პოტენციური ვალდებულებების სწორად გაგება, ასევე გაიღრმავონ საკითხის მიმართ ცოდნა დოკუმენტში ასახულ თეორიულ მასალაზე და პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით. სახელმძღვანელო დაეხმარება ზემოთჩამოთვლილ პირებს ეფექტიანად დაგეგმონ და წარმართონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მოწმობის მოპოვებასთან და მუდმივი ზედამხედველობის ფარგლებში ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობა.

2022 წლის მაისში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად დაამტკიცა საავიაციო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა. აღსანიშნავია, რომ ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამოქმედო დოკუმენტი პირველად იქნა შემუშავებული საქართველოში. 2023 წლის აპრილში გამოიცა განახლებული, 2023-2025 წლების გეგმა. დოკუმენტი შემუშავებულია ევროპის რეგიონალური საავიაციო უსაფრთხოების გეგმისა (EUR RASP) და ICAO-ს გლობალური საავიაციო უსაფრთხოების გეგმის (GASP) გათვალისწინებით. გეგმა მოიცავს საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკვანძო ასპექტებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, როგორც სფეროს ზედამხედველი უწყების ხედვას, პოლიტიკას და ექსპერტულ ანალიზს, საავიაციო უსაფრთხოების ეროვნულ მიზნებს, ამოცანებს, ინდიკატორებს, ასევე  ფრენის უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესების / გაძლიერების ინიციატივებსა და ქმედებებს, ამ ქმედებების იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმებს, იდენტიფიცირებულ უსაფრთხოების რისკებს და მათი შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს და სხვა.

სამოქალაქო საავიაციო დარგის რეგულირების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვას. სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო და/ან კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში, მნიშვნელოვანი ფაქტორია ავიასაწარმოებთან კონსულტაცია და მათი ჩართულობა პროცესის მიმდინარეობაში, რისი უზრუნველყოფაც სააგენტოს მიერ ხორციელდება ინფორმაციის ღია და დაუბრკოლებელი გაცვლის გზით (ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის მექანიზმი). სამართალშემოქმედებითი პროცესის მეტი გამჭვირვალობის და მომხმარებლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, უწყება საჯაროს ხდის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოკლე და საშუალოვადიან სამართალშემოქმედებით პროგრამას. ზემოთ მოცემული პროგრამა, წარმოადგენს შიდა დოკუმენტის ადაპტირებულ ვერსიას (სამართალშემოქმებითი პროგრამის შიდა მოხმარების დოკუმენტი მოიცავს უფრო დეტალურ ინფორმაციას ამოცანებზე, ვადებსა და შესრულების სტატუსზე), რომლის მიზანია, გააცნოს ინდუსტრიას და დაინტერესებულ პირებს, სააგენტოს მიმდინარე და მომდევნო წლების დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები დარგის რეგულირების მიმართულებით.