საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი ახალი წესები 2024 წელს მიიღო. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეგულირების კუთხით გაზიარებულ იქნა ევროპული, კერძოდ, კი საფრანგეთის გამოცდილება.
ნორმატიული აქტების მიღებამდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ნაწილობრივ არაპროპორციული რეგულირების, კერძოდ კი, დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიმართ დადგენილი სტანდარტების ქვეშ ექცეოდა. ახალი რეგულაციების მიღებით, საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით არის შესაძლებელი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს სამოქალაქო ავიაციის აღნიშნული მიმართულების განვითარებას.
ზემსუბუქ საჰაერო ხომალდს გააჩნია ოთხი კლასი, კერძოდ:
I კლასი – მოტოდელტაპლანი;
მოტოდელტაპლანი არის ერთი ძრავის მქონე, საჰაერო ხრახნით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი, ხისტი ფრთით, რომლის ქვეშ, როგორც წესი, მიმაგრებულია ძრავის მქონე ურიკა და აკმაყოფილებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.
II კლასი – თვითმფრინავი;
თვითმფრინავი არის მრავალღერძიანი, ერთი ძრავის მქონე, საჰაერო ხრახნით აღჭურვილი საჰაერო ხომალდი, ფიქსირებული ფრთით და აკმაყოფილებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.
III კლასი – ავტოჟირი;
ზემსუბუქი ავტოჟირი არის საჰაერო ხრახნით აღჭურვილი ერთი ძრავის მქონე საჰაერო ხომალდი, რომელიც აკმაყოფილებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.
IV კლასი – ზემსუბუქი შვეულმფრენი.
ზემსუბუქი შვეულმფრენი არის საჰაერო ხომალდი, რომელიც აკმაყოფილებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს.
იმისათვის, რომ საფრენი აპარატი კლასიფიცირდეს, როგორც “ზემსუბუქი”, იგი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი კლასის ტექნიკურ აღწერილობას.
საჰაერო ხომალდის წარმოების თვალსაზრისით ზსხ შეიძლება იყოს სერიული წარმოების და არასერიული წარმოების (ერთეული მოდელი).
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს მიეკუთვნება:
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვისა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის აღრიცხვის და ექსპლუატაციის წესში. ნორმატიული აქტი ადგენს მოთხოვნებს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მიმართ და განსაზღვრავს მათი იდენტიფიცირების, აღრიცხვის, მოდიფიკაციის და ექსპლუატაციის წესებსა და პირობებს.
ზსხ-ის ექსპლუატაციისთვის აუცილებელია საიდენტიფიკაციო ბარათის ფლობა, რომელსაც გასცემს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ზსხ-ის საიდენტიფიკაციო ბარათის მიღების მიზნით, ზსხ-ის მწარმოებელი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას და დოკუმენტებს ზსხ-ის შემუშავებასა და წარმოებაზე, უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს განცხადებით. ინფორმაცია განმცხადებელის მიერ სააგენტოში წარმოსადგენი განაცხადისა და თანდმევი დოკუმენტაციის შესახებ მოცემულია შესაბამის წესსა და მის დანართებში.
ზსხ-ის აღრიცხვის ბარათის და ფრენისუნარიანობის დეკლარაციის მიღების დასტურის გაცემის შემდგომ, სააგენტოს მიერ, შესაბამისი მონაცემები შეიტანება ზსხ-ის რეესტრში, რომლის მონაცემები საჯაროა და შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების მწარმოებლის იდენტიფიკაციის მოთხოვნები და მწარმოებლის მიერ შემუშავებული და დამზადებული საფრენი აპარატის მოქმედ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დემონსტრირების (დეკლარირება) ნორმები მოცემულია ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მწარმოებლის იდენტიფიკაციის წესში. სააგენტოს მიერ საიდენტიფიკაციო ბარათი გაიცემა საიდენტიფიკაციო ზსხ-ზე და მისი მოქმედება ვრცელდება არსებითად იგივე მახასიათებლების მქონე სერიის ყველა ერთეულ ზსხ-ზე. სააგენტო გასცემს საიდენტიფიკაციო ბარათის იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შესაბამისი წესის მოთხოვნები და განმცხადებელი ადასტურებს, რომ ზსხ შეესაბამება აღწერით ელემენტებში მოცემულ მონაცემებს და მოქმედ ტექნიკურ პირობებს, შესაბამისობის დემონსტრირების დადგენილი პროგრამის თანახმად.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული საჰაერო ხომალდების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებული ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ჩამონათვალი
საქართველოს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემას და უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარებას უზრუნველყოფს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, პილოტის მოწმობის გაცემის და კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების/განახლების მოთხოვნებს.
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მოწმობის ფლობა სავალდებულოა იმ პირებისთვის, რომლებიც წარსულში ახორციელებდნენ ან აქვთ ინტერესი მომავალში განახორციელონ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით ოპერირება საქართველოში. მოწმობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი (არასრულწლოვანმა პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა), გავლილი აქვს წესით დადგენილი სწავლების პროგრამა და საჭირო შემოწმებები. მოწმობა მოქმედია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მფლობელს მიღწეული კომპეტენციის გათვალისწინებით, ენიჭება ზსხ-ს შესაბამის კლასზე დაშვება (პირველი კლასი – მოტოდელტაპლანი; მეორე კლასი – თვითმფრინავი; მესამე კლასი – ავტოჟირი; მეოთხე კლასი – ზემსუბუქი შვეულმფრენი).
ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი ადგენს გამარტივებულ მოთხოვნებს ზსხ-ს პილოტის მოწმობის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად. კერძოდ, 2024 წლის პირველი თებერვლიდან, ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორებს მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად, შესაბამისი წესებისა და პროცედურის დაცვით, განახორციელონ ზსხ-ს პილოტის მოწმობის მაძიებელი პირების მომზადება. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორების სერტიფიცირებას და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
0114, თბილისი, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი, საქართველო
უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი
ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 106)
ელ. მისამართი: UAS-GA@gcaa.ge
პილოტ-კურსანტის საფრენოსნო მომზადების დაწყების დეკლარაცია იგზავნება შემდგეგ ელ. მისამართზე: ULM@gcaa.ge