2026 წლის თებერვლიდან ძალაში შევიდა „საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი“ (სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2025 წლის 7 თებერვლის №26 ბრძანება). ნორმატიული აქტი შემუშავებულია ევროპული რეგულაციების  (Commission Regulation (EU) No 255/2010 laying down common rules on air traffic flow management და Commission Implementing Regulation (EU) 2019/123 laying down detailed rules for the implementation of air traffic management (ATM) network functions) მოთხოვნების მიხედვით და მისი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში და სამოქალაქო აეროდრომებზე საჰაერო ხომალდების გამტარუნარიანობის ეფექტურად მართვა, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების მიმართ შესაბამისი მოთხოვნების დადგენის გზით.

წესი ითვალისწინებს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების უფრო თანამედროვე, სტრატეგიულ, ციფრულ და დინამიურ მართვაზე გადასვლას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სივრცის ეფექტურობას და ევროპის რეგიონის საჰაერო მოძრაობის ნაკადების ქსელის მდგრადობას როგორც გრძელვადიანი, ისე ტაქტიკური დაგეგმარებით, კოორდინაციით და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ზომების დანერგვით. საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების მიზნით მიღებულმა ზომებმა უნდა უზრუნველყოს საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის მაქსიმალურად ათვისება,  ოპტიმიზაცია (არსებული გამტარუნარიანობისა და მოთხოვნის ბალანსი), დაგვიანებების მინიმიზაცია, საწვავის ზედმეტი ხარჯვის პრევენცია და ა.შ. ამასთან, რეგულაციით დადგენილი ზომების გატარებამ უნდა აღკვეთოს საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო პუნქტებზე და აეროდრომებზე საჰაერო მოძრაობის ნაკადების გადაჭარბებული მოთხოვნა გამოცხადებულ გამტარუნარიანობასთან მიმართებით და მინიმუმამდე შეამციროს უარყოფითი გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების ოპერირებაზე.

„საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესი“ ვრცელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში სახელსაწყო ფრენის წესებით შესრულებულ ფრენებზე და ადგენს მოთხოვნებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს (საქართველოში – „საქაერონავიგაცია“), აეროდრომის ექსპლუატანტების (აეროპორტები) და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების (ავიაკომპანიები) მიმართ. რეგულაცია შესაბამის ავიასაწარმოებს ავალდებულებს გამტარუნარიანობის პერიოდულ შეფასებას და შედეგების წარდგენას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის. ამასთან, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ცენტრალური პუნქტის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა მუდმივად უნდა განახლდეს ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალურ გეგმასთან თანხვედრის მიზნით.

საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების ევროპული სტანდარტების დანერგვით, საქართველო აგრძელებს ევროპასთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოების, უშიშროების, მომხმარებელთა ულფებების დაცვის და სხვა მიმართულებით უკვე 35-ზე მეტი რეგულაციის მოთხოვნები დანერგა.

ნორმატიული აქტი ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულზე: https://gcaa.ge/regulations/gcaa-director-orders/