საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი საფრენი მოედანი – „ამბასადორი კაჭრეთი“ დაარეგისტრირა. რეგისტრაციის პროცესი 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოიცავდა როგორც შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლას, ისე არსებული ინფრასტრუქტურის ინსპექტირებას.

შპს „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ საკუთრებაში არსებული საფრენი მოედანი სასტუმრო-კომპლექს „ამბასადორი კაჭრეთის“ მიმდებარედ მდებარეობს და წარმოადგენს 1A კოდის აეროდრომის სტანდარტებით მოწყობილ ასფალტის საფარიან ასაფრენ-დასაფრენ ზოლს პარალელური სამიმოსვლო ბილიკით.

1 180 მეტრი სიგრძისა და 18 მეტრი სიგანის ზოლს შეუძლია მიიღოს მცირე ავიაციის მსუბუქი და ზემსუბუქი (2-დან 6 ადგილამდე ტევადობის) საჰაერო ხომალდები. მოწმობის ფარგლებში, ფრენები დასაშვებია განხორციელდეს ვიზუალური ფრენის წესების შესაბამისად, დღის ნათელ პერიოდში.