საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Lufthansa Group-ის ახალ რეგიონალურ მენეჯერს, კარსტენ იანგს და საქართველოში ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლა. გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი ავიაკომპანიების – Lufthansa-ს და Eurowings-ის ოპერირების არსებული მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ლევან კარანაძემ კარსტენ იანგს წარმატებები უსურვა ახალ პოზიციაზე და ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Lufthansa Group-ს შორის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ჯგუფში შემავალი ავიაგადამზიდველების აქტივობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე, განსაკუთრებით კი, Lufthansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ის მიერ, საჰაერო მიმოსვლის დაწყება საქართველოს მიმართულებით. როგორც კარსტენ იანგმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო იყო ერთ-ერთი მცირე გამონაკლისი იმ ქვეყნებისა, სადაც გერმანულმა ჯგუფმა არათუ შეამცირა ოპერირების სიხშირე COVID 19-ის პირობებში, არამედ ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით კიდევ უფრო გაზარდა ფრენების რაოდენობა და გააფართოვა გეოგრაფიული არეალი. აქვე, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Lufthansa იყო ერთ-ერთი პირველი ავიაგადამზიდველი, რომელიც დაუბრუნდა საქართველოს ავიაბაზარს კოვიდ პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის ფარგლებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს Lufthansa Group-ის გეგმები მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი, ავიაკომპანია Eurowings-ი დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გააგრძელებს. ამასთან, განიხილება ავიაკომპანია Lufthansa-ს მიერ, საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაც.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს ტექნიკური კონსულტაციები საქართველოში Lufthansa Group-ის ოპერირების შემდგომი გაფართოების  მიზნით.