საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება

საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოზე (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომლებიც ახორციელებენ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების და/ან ამ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებას ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას / აღიარებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. საწარმოს, რომელსაც არ გააჩნია საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატი ან რომელიც არ არის აღიარებული სააგენტოს მიერ, არა აქვს უფლება განახორციელოს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების და/ან ამ საჰაერო ხომალდების კომპონენტების ტექნიკური მომსახურება.

საქართველოში საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება ხორციელდება „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბერის N262 ბრძანების შესაბამისად. სერტიფიცირების ფარგლებში განისაზღვრება, საწარმოს შესაძლებლობა საჰაერო ხომალდების კონკრეტული ტიპებისა და/ან მათი კომპონენტების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით, ასევე ნებადართული ტექნიკური მომსახურების სამუშაოების სახეობები. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.

 

საწარმოს სერტიფიცირების ეტაპებია:

I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს: სერტიფიკატის მისაღები განცხადების და თანდართული საბუთების წარდგენას სააგენტოში და უწყების მიერ მათ განხილვას;

II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;

III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;

IV ეტაპი – ზედამხედველობა.

 

საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების – სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, შეჩერების, განახლების, გაუქმების, სერტიფიკატში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანის,  უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სერტიფიკატის ან მისი ანალოგიური დოკუმენტის აღიარების, სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე ზედამხედველობის წესები და პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის N262 ბრძანება “საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის” დამტკიცების თაობაზე