2022 წლის მაისში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოების ეროვნული გეგმა დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამოქმედო დოკუმენტი პირველად იქნა შემუშავებული საქართველოში. გეგმა შემუშავებულია ევროპის რეგიონალური საავიაციო უსაფრთხოების გეგმისა (EUR RASP) და ICAO-ს გლობალური საავიაციო უსაფრთხოების გეგმის (GASP) გათვალისწინებით. დოკუმენტი მოიცავს საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკვანძო ასპექტებს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, როგორც სფეროს ზედამხედველი უწყების ხედვას, პოლიტიკას და ექსპერტულ ანალიზს, საავიაციო უსაფრთხოების ეროვნულ მიზნებს, ამოცანებს, ინდიკატორებს, ასევე  ფრენის უსაფრთხოების შემდგომი გაუმჯობესების / გაძლიერების ინიციატივებსა და ქმედებებს, ამ ქმედებების იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმებს, იდენტიფიცირებულ უსაფრთხოების რისკებს და მათი შემცირებისკენ მიმართულ ღონისძიებებს და სხვა.

 

სამოქალაქო საავიაციო დარგის რეგულირების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის დანერგვას. სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო და/ან კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესში, მნიშვნელოვანი ფაქტორია ავიასაწარმოებთან კონსულტაცია და მათი ჩართულობა პროცესის მიმდინარეობაში, რისი უზრუნველყოფაც სააგენტოს მიერ ხორციელდება ინფორმაციის ღია და დაუბრკოლებელი გაცვლის გზით (ნორმატიული აქტების პროექტების გარე განხილვის მექანიზმი). სამართალშემოქმედებითი პროცესის მეტი გამჭვირვალობის და მომხმარებლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, უწყება საჯაროს ხდის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოკლე და საშუალოვადიან სამართალშემოქმედებით პროგრამას. ზემოთ მოცემული პროგრამა, წარმოადგენს შიდა დოკუმენტის ადაპტირებულ ვერსიას (სამართალშემოქმებითი პროგრამის შიდა მოხმარების დოკუმენტი მოიცავს უფრო დეტალურ ინფორმაციას ამოცანებზე, ვადებსა და შესრულების სტატუსზე), რომლის მიზანია, გააცნოს ინდუსტრიას და დაინტერესებულ პირებს, სააგენტოს მიმდინარე და მომდევნო წლების დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები დარგის რეგულირების მიმართულებით.