საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემა

საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი უფლებამოსილია კომერციული მიზნით განახორციელოს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, თუ მას აქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა. მოწმობის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას და გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

 

კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა მოიცავს საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის კომერციული მიზნით განხორციელებას, მათ შორის, საჰაერო ხომალდის სხვა ექსპლუატანტისთვის ეკიპაჟიანი იჯარით გადაცემას.

საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

 

  • მისი საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო;

 

  • საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები ან/და საქართველოს სახელმწიფო ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირი (რომლის დამფუძნებელი/დამფუძნებლები ან/და ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი/მფლობელები არის/არიან საქართველოს მოქალაქე/მოქალაქეები, საქართველოს სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეული/ერთეულები), საკუთრების უფლებით ფლობს/ფლობენ მასში ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს. ამასთან, ხმის უფლების მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტის საკუთრების უფლებით ფლობა უნდა ითვალისწინებდეს, მათ შორის, მასზე ეფექტური კონტროლის განხორციელებას.

 

  • მისი მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ახორციელებს ცალკე ან კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა სახის კომერციულ ექსპლუატაციასთან ან მის რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებასთან ერთად;

 

  • ფლობს სააგენტოს მიერ გაცემულ მოქმედ ექსპლუატანტის სერტიფიკატს;

 

  • გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, პირველ 3 თვეში ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად;

 

  • გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირს არ აქვს ცუდი საქმიანი რეპუტაცია, რომელიც გულისხმობს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური ქმედებისთვის ან ისეთი ქმედებისთვის ნასამართლობას, რომელმაც მისი მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა ცნობა ნასამართლობის შესახებ, მისი გაცემიდან 3 თვის განმავლობაში.

 

მოწმობის მისაღებად სააგენტოში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, მოწმობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე დაწესებული ზედამხედველობის, ასევე მოწმობის შეჩერებისა და გაუქმების პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

​სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 16 ივნისის N98 ბრძანება “საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის წესის” დამტკიცების შესახებ