სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, როგორც საჯარო უწყება ვაკანსიას აქვეყნებს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: https://vacancy.hr.gov.ge/, ასევე ინფორმაცია თავსდება ჩვენს ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე. პირველ რიგში, ყურადღებით უნდა გაეცნოთ ვაკანტური პოზიციისთვის განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ამავე ვებ-გვერდზე, შეავსოთ ყველა სავალდებულო ველი, ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტები და გააკეთოთ განაცხადი ვაკანტურ პოზიციაზე. კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) გადადიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკრეტული პოზიციისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ვაკანტური პოზიციისთვის განიხილოს რომელიმე სხვა ფორმით (მაგალითად ელ. მისამართზე გამოგზავნა) მიღებული CV/რეზიუმე, გარდა www.vacancy.hr.gov.ge-ზე, ოფიციალურად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში შემოტანილი განაცხადისა.

დიახ, ახალგაზრდების მოზიდვის და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტოში შესაძლებელია სტაჟირების გავლა. სააგენტოში სტაჟირების მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიკაციის ამაღლება და უწყების ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზებით.

სტაჟიორების შერჩევა ხდება მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე (https://vacancy.hr.gov.ge/) გამოცხადებული კონკურსის შესაბამისად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური კონკურსის გამოცხადების სასწავლო წლისთვის. სტაჟირების გავლის წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 მაისის №177 დადგენილებით.

სტაჟირება არის ანაზღაურებადი. ანაზღაურება განისაზღვრება „შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააგენტოში გავლილი სტაჟირების პერიოდი პირს ეთვლება საერთო სამუშაო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში, რაც სტაჟიორს მომავალში დაეხმარება სხვადასხვა პოზიციებზე გამოცდილების კრიტერიუმის დაკმაყოფილებაში. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის ასევე შესაძლებელია სტაჟირება აისახოს სტუდენტის სასწავლო კრედიტების რაოდენობაში, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

გარდა აღნიშნულისა, სააგენტო ჩართულია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში. კერძოდ მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე დამამთავრებელი კურსის სტუდენტების მოკლევადიან პროფესიულ პრაქტიკებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის, ფრენის უსაფრთხოების ან/და საავიაციო უშიშროების, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას შესაბამისი დოკუმენტების, ადგილზე არსებული მდგომარეობისა და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით.

ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი შეიძლება გახდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც აკმაყოფილებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს და გააჩნია სააგენტოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება. ინსპექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსაზღვრულია „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 24 სექტემბრის N155 ბრძანებით და საჯაროა დაინტერესებული პირებისთვის.

სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ხდება ინსპექტორობის კანდიდატი და სააგენტოს მიერ თანამდებობაზე მისაღებად დადგენილი საგამოცდო ვადის დასრულების შემდეგ, გადის ინსპექტორის დაშვების მისაღებად საჭირო საკვალიფიკაციო სწავლებებს. სწავლებებს უზრუნველყოფს სააგენტო და მოიცავს როგორც საბაზო მომზადების საკითხებს, ისე სპეციალიზებულ და პრაქტიკულ სწავლებებს. მხოლოდ სასწავლო პროგრამის ყველა საფეხურის წარმატებით დასრულების და სააგენტოში სპეციალისტის რანგში (პოზიციაზე) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ, კანდიდატს ენიჭება ინსპექტორის მოწმობა და დამოუკიდებლად საინსპექციო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს შეიძლება ჰქონდეს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე ტექნიკური მიმართულების ზედამხედველობის უფლებამოსილება (დაშვება).