სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია

საქართველოში, ფრენისათვის ვარგისი სამოქალაქო საჰაერო ხომალდები რეგისტრირდება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს საჰაერო ხომალდების რეესტრში შეტანას, რეგისტრაციის სერტიფიკატის გაცემას და ხომალდების რეესტრის აღრიცხვას. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ჩაიწერება ის ხომალდები, რომლებსაც აქვთ ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი.

 

საქართველოში სამოქალაქო საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაცია ხორციელდება, თუ:

  • საჰაერო ხომალდის მესაკუთრე არის: საქართველოს/უცხო სახელმწიფოს ფიზიკური პირი; საქართველოში/უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული იურიდიული პირი; საქართველო;
  • საჰაერო ხომალდს აქვს: საჰაერო ხომალდისთვის, გარდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისა, EASA-ს მიერ გაცემული/აღიარებული ტიპის სერტიფიკატი; ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისთვის – ICAO-ს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი ან ეკვივალენტური საბუთი;
  • საჰაერო ხომალდი არ არის რეგისტრირებული სხვა რომელიმე სახელმწიფოს რეესტრში;
  • 34000 კილოგრამზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის და 19-ზე მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე საჰაერო ხომალდები შეესაბამება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-16 დანართის პირველი ტომის მე-2 ნაწილის სულ მცირე მე-3 თავის მოთხოვნებს.

 

საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეგისტრაციისთვის,საჰაერო ხომალდი მესაკუთრის ან ექსპლუატანტის (მესაკუთრის მიერ მასზე მინიჭებული უფლების შემთხვევაში) მიერ, სააგენტოს წარედგინება შემდეგი საბუთები:

ა) განაცხადი;

ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) სხ-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის დედანი ან დადგენილი წესით დამოწმებული მისი ასლი;

დ) სხ-ის ექსპლუატაციის უფლების დამადასტურებელი საბუთის დედანი ან დადგენილი წესით დამოწმებული მისი ასლი (თუ განაცხადი შემოაქვს სხ-ის ექსპლუატანტს);

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (თუ მესაკუთრე/ექსპლუატანტი იურიდიული პირია);

ვ) საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი (თუ მესაკუთრე/ექსპლუატანტი ფიზიკური პირია);

ზ) ექსპორტიორი სახელმწიფოს მიერ გაცემული კონკრეტული სხ-ის ფრენის ვარგისობის სერტიფიკატი და/ან ფრენის ვარგისობის საექსპორტო სერტიფიკატი;

თ) ექსპორტიორი სახელმწიფოს რეესტრიდან სხ-ის ამოღების სერტიფიკატი;

ი) ექსპორტიორი სახელმწიფოს მიერ გაცემული საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატი;

კ) „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების პროგრამა „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N53 დადგენილების შესაბამისად;

ლ) სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ამ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების შესახებ, თუ შესაბამისი ექსპლუატანტი თავად არ არის სერტიფიცირებული საწარმო და არ ახორციელებს აღნიშნული საჰაერო ხომალდის ტექნიკურ მომსახურებას.

 

ექსპერიმენტული და არასამრეწველო ხერხით (არასერტიფიცირებული პირის მიერ) დამზადებული საჰაერო ხომალდი, ასევე საჰაერო ხომალდის ერთეული ეგზემპლარი არ ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას.

 

რეგისტრაციის სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განაცხადისა და თანდართული საბუთების განხილვის, საჰაერო ხომალდის იდენტიფიცირების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა შეადგენს 60 დღეს.

განაცხადისა და თანდართული საბუთების განხილვის, რეგისტრაციის სერტიფიკატის გაცემის,  საჰაერო ხომალდის სარეგისტრაციო ნიშნის მინიჭების, საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატის გამოცვლის, საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების დეტალური წესები და პირობები განსაზღვრულია „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის N205 ბრძანებით.