სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირება

საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას, გაცემას საჰაერო ხომალდის გამართვის მიზნით და/ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვას ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას. საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირებას და საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან,  გაცემასთან და  სამოქალაქო საჰაერო ხომალდის  გამართვასთან დაკავშირებულ მათ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ საწარმოს, თუ ის აკმაყოფილებს „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის N176 ბრძანების მოთხოვნებს. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას, განახორციელოს საავიაციო საწვავის მიღება, შენახვა, გაცემა და/ან სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურება. წესის მოქმედება არ ვრცელდება პირზე, თუ იგი ახორციელებს საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდის გამართვას პირადი მიზნებისათვის.

 

საწვავ-გასამართი საწარმოები, რეზერვუარების საერთო მოცულობის მიხედვით,  იყოფა ორ კატეგორიად:

  • პირველი კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმო, რომლის რეზერვუარების საერთო მოცულობა არ აღემატება 50 ტონას;
  • მეორე კატეგორიის საწვავ-გასამართი საწარმო, რომლის რეზერვუარების საერთო მოცულობა აღემატება 50 ტონას.

აღნიშნულ კატეგორიებზე ხდება პროპორციულ მოთხოვნების გავრცელება, საწვავის მიღების, შენახვის გაცემის, საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების დიფერენცირების გზით, რაც გულისხმობს  პირველი კატეგორიის საწვავ-გამმართველი საწარმოებისათვის, შედარებით გამარტივებული მოთხოვნების დაწესებას, სერტიფიცირებული აეროდრომის/ვერტოდრომის  ტერიტორიების მიღმა საჰაერო ხომალდების მობილური სადგურების მეშვეობით გამართვაზე.

 

სერტიფიცირების ეტაპები

სააგენტოს მიერ საწარმოს სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:

I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს: განცხადების და თანდართული საბუთების წარმოდგენას სააგენტოში და უწყების მიერ მათ წინასწარ განხილვას და შეფასებას;

II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება და შეფასება;

III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, სერტიფიკატის გაცემა;

IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი.

სააგენტოს მიერ პირველადი სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 2 თვის ვადაში.

 

საწვავ-გასამართი საწარმოს სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები, სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, გაუქმების, მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, გამოცვლის პირობები, საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის მოთხოვნები, საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის პირობები, აგრეთვე სერტიფიკატის მფლობელის უფლებამოსილების საკითხები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 ნოემბრის №176 ბრძანება „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოს სერტიფიცირების წესის“დამტკიცების თაობაზე 

დანართები