საარნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება

უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური ჰაერნაოსნობის უზრუნველსაყოფად გაწეული სააერნაოსნო მომსახურება ითვალისწინებს საჰაერო მოძრაობის ორგანიზებას (ATS), საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო და სარადიოლოკაციო მომსახურებას (CNS), საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებას (MET), ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას (AIS) და საძებნ-სამაშველო მომსახურებას (SAR). აღნიშნულ საქმიანობას ან მომსახურების ცალკეულ სახეებს საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული სააერნაოსნო მომსახურების საწარმო. სააერნაოსნო მომსახურება ხორციელდება საჰაერო კოდექსის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და მათ საფუძველზე შემუშავებული სააერნაოსნო მომსახურების წესების შესაბამისად.

„სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესი” (2019 წლის 12 ივნისის N119 ბრძანება), რომელიც სააგენტომ ევროკომისიის N2017/373 რეგულაციის შესაბამისად მიიღო, 2020 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა და საქართველოს საჰაერო სივრცესა და სამოქალაქო აეროდრომებზე არაკომპლექსური ან/და კომპლექსური სააერნაოსნო მომსახურების გამწევი საწარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებას ითვალისწინებს.

წესი ვრცელდება იურიდიულ პირზე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მის ნაწილში, აგრეთვე ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლებში, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს და სამოქალაქო აეროდრომებზე ახორციელებს ან სურს განახორციელოს:

  • საჰაერო მოძრაობის ორგანიზება: საჰაერო მოძრაობის მომსახურება; საჰაერო სივრცის ორგანიზება (საჰაერო სივრცის დიზაინი); საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზება;
  • საავიაციო კავშირგაბმულობა, სანავიგაციო მომსახურება, სარადიოლოკაციო მომსახურება;
  • საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება;
  • ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება;
  • ფრენის პროცედურების დიზაინი ან/და საავიაციო რუკების შედგენა.

 

სერტიფიცირების ეტაპები

სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება ხორციელდება სამ ეტაპად:

I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო ეტაპი, რომელიც მოიცავს განცხადების და თანდართული საბუთების სააგენტოში წარმოდგენას და აღნიშნული დოკუმენტების განხილვას;

II ეტაპი – ადგილზე შემოწმება;

III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თაობაზე.

 

საქართველოში რეგისტრირებულ  იურიდიული პირი,  სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოში წარმოადგენს განცხადებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, სადაც მითითებული უნდა იყოს საქართველოს საჰაერო სივრცე ან მისი ნაწილი, ან ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლები ან/და სამოქალაქო აეროდრომი, სადაც განმცხადებელი აპირებს განახორციელოს სააერნაოსნო მომსახურება. არაკომპლექსური ან კომპლექსური  სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, ინსპექტირების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ აღემატება 180 კალენდარულ დღეს.

არაკომპლექსური ან კომპლექსური  სერტიფიკატის მისაღებად განცხადების და თანდართული საბუთების წარმოდგენის და სააგენტოს მიერ მათი განხილვის წესები და პირობები, ასევე კომპლექსური და არაკომპლექსური საწარმოების ვალდებულებები, სერტიფიცირებასთან დაკავშირებული დეტალური მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 12 ივნისის N119 ბრძანება “სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების წესის” დამტკიცების შესახებ