აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე წარმოადგენს აეროდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე არსებულ შენობა-ნაგებობების სიმაღლეების შემზღუდველ ზედაპირებს, სადაც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვის რეჟიმი. აეროდრომის დაცვის არის დადგენის მიზანია აეროდრომის თავზე და მის სიახლოვეს დაბრკოლებებისაგან თავისუფალი საჰაერო სივრცის დაცვა, რათა ფრენების დროს არიდებულ იქნას საჰაერო ხომალდის დაბრკოლებასთან (ობიექტებთან – შენობა/ნაგებობებთან) შეჯახება.

საავიაციო დაბრკოლებად მიიჩნევა ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან/და მოძრავი ობიექტი ან მისი ნაწილი, რომელიც განლაგებულია აეროდრომის სამუშაო მოედანზე, კვეთს აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ზედაპირს ან აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ზედაპირის მიღმა მდებარეობს და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჰაერნაოსნობას.

საქართველოს კანონის – საჰაერო კოდექსის შესაბამისად აეროდრომის დაცვის არეს ადგენს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ამავე არეში, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების (ობიექტების) დასაშვებ სიმაღლეს.

მოცემულ განყოფილებაში, დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ინფორმაცია აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეებში შენობა-ნაგებობის დასაშვები სიმაღლეების განსაზღვრისა და შეთანხმების პროცესთან დაკავშირებით.

სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არე არის აეროდრომის/ვერტოდრომის და მისი მიმდებარე ტერიტორიის თავზე არსებული, სსიპ − სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი არე, სადაც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვის რეჟიმი.

საავიაციო დაბრკოლება არის უძრავი ობიექტი ან/და მოძრავი ობიექტი ან მისი ნაწილი, რომელიც განლაგებულია აეროდრომის სამუშაო მოედანზე, კვეთს აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ზედაპირს ან აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არის ზედაპირის მიღმა მდებარეობს და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საფრთხეს უქმნის ჰაერნაოსნობას.

აეროდრომის დაცვის არეში ობიექტის მშენებლობის და დასაშვები სიმაღლის დადგენის მიზანია აეროდრომის თავზე და მის სიახლოვეს დაბრკოლებებისაგან თავისუფალი საჰაერო სივრცის დაცვა, რათა ფრენების დროს არიდებულ იქნას საჰაერო ხომალდის დაბრკოლებასთან (ობიექტებთან – შენობა/ნაგებობებთან) შეჯახება.

საქართველოს კანონის – საჰაერო კოდექსის შესაბამისად აეროდრომის დაცვის არეს ადგენს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ამავე არეში, შესაბამისი მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ითანხმებს შენობა-ნაგებობების (ობიექტების) დასაშვებ სიმაღლეს.

აეროდრომის რაიონში ობიექტების (შენობა-ნაგებობების) დასაშვები სიმაღლეების გაანგარიშება ხდება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის N73 დადგენილებით დამტკიცებული "აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის" შესაბამისად.

იმ ობიექტების განთავსება, რომელთა აბსოლუტური სიმაღლეები აღემატება აეროდრომის დაცვის არეზე დატანილ სიმაღლეებს, საჭიროა შეთანხმებულ იქნას სააგენტოსთან.

აეროდრომის დაცვის არის ფარგლებში ობიექტის სიმაღლის შეთანხმების პროცესში, სააგენტოში ან უწყების ელ. მისამართზე (office@gcaa.ge) ოფიციალური კორესპონდენციის სახით წარმოდგენილ უნდა იქნას:

  • განცხადება მშენებლობის-ნაგებობების განთავსების შეთანხმებაზე;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნას მფლობელის ან შესაბამისი ნდობით აღჭურვილი პირის მიერ.

  • ასაშენებელი ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატები WGS-84 სისტემაში;

მაგალითად: ობიექტის კონფიგურაციის (კუთხეების) კოორდინატები გრძედებში და განედებში –  41°40'7.38″N; 44°57'5.79″E და მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში:  X – 495970.76; Y – 4612995.35

  • ასაშენებელი ობიექტის მაქსიმალური სიმაღლე;

შენიშვნა: ობიექტის სიმაღლე საპროექტო 0-დან.

  • ობიექტის სამშენებლო მოედნის შემაღლება საშუალო ზღვის დონიდან (MSL), EGM 96 სისტემაში;
  • შენობა-ნაგებობის მშენებლობის პერიოდში გამოყენებული მოწყობილობების/ მექანიზმების სიმაღლეები და სამუშაო არეალი (სამშენებლო ამწე-მექანიზმი და სხვა);

მაგალითად: ამწე მექანიზმის განთავსების ადგილის კოორდინატები, სიმაღლე და მისი ბრუნვის არეალი (რადიუსი).

  • სამშენებლო მოედანთან ახლოს მდებარე ყველაზე მაღალი ობიექტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია (კოორდინატები და შემაღლება/სიმაღლე – შესაბამის ფორმატში), ასეთის არსებობის შემთხვევაში;

შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცის წარმოდგენა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ასაშენებელი ობიექტის სიმაღლე სცდება აეროდრომის დაცვის არის შემზღუდველ ზედაპირს და გაანგარიშება უნდა განხორციელდეს უკვე არსებული დაბრკოლებიდან დაჩრდილვის მეთოდის გამოყენებით.

  • სქემატური ნახაზი, სიტუაციური გეგმა მასშტაბების მითითებით.

სიმაღლის შეთანხმების პროცესში, ობიექტის დასაშვები სიმაღლის დადგენის მიზნით, სააგენტოს მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია შესრულებულ და დამოწმებულ უნდა იქნას შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირის (ამზომველის) მიერ.

აეროდრომის ექსპლუატანტი ახორციელებს აეროდრომის დაცვის არის (აეროდრომის რაიონის) პერიოდულ შემოწმებას, იმ მიზნით, რომ აეროდრომის ტერიტორიაზე და აეროდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში) იდენტიფიცირებული იქნას ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობა, რომლებმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას.

აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ აეროდრომის რაიონში ისეთი საქმიანობის/ობიექტის ან/და უნებართვო მშენებლობის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოებას, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს სააგენტოს და მფლობელს და საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

პერიოდული შემოწმების დროს არსებულ დაბრკოლებებზე, მწყობრიდან გამოსული შუქშემოღობვების აღმოჩენის შემთხვევაში, აეროდრომის ექსპლუატანტი ატყობინებს აღნიშნულის შესახებ ობიექტის მფლობელს (იდენტიფიცირების შემთხვევაში), ასევე საჭიროებისამებრ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

აეროდრომის ექსპლუატანტის მიერ, აეროდრომის დაცვის არეში უნებართვო მშენებლობის აღმოჩენისა და სააგენტოსთვის შეტყობინების შემთხევაში, სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს ინფორმირებას, ობიექტის დასაშვები სიმაღლის განსაზღვრისა და მშენებლობის არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინტერაქტიულ რუკაზე აეროდრომების დაცვის არის სანახავად, ინსტრუმენტების მარცხენა ველში, ჩამოშალეთ შეზღუდვის ზონები და მონიშნეთ აეროდრომის დაცვის არეალი (თბილისის შეზღუდვების ზონების ჩამონათვალში), ხოლო მუნიციპალიტეტის აეროდრომის დაცვის არეალი (მუნიციპალიტეტის შეზღუდვის ზონების ჩამონათვალში).

აეროდრომის დაცვის არეს შეზღუდვის არეალში შენობა-ნაგებობების დასაშვები ზღვრული აბსოლუტური სიმაღლეების სანახავად, რუკის ქვედა მარჯვენა მხარეს განლაგებულ ინსტრუმენტების პანელში აირჩიეთ ფენების ინფოს ველი, ხოლო კურსორი მიიტანეთ არეალში და დააჭირეთ თქვენთვის სასურველ წერტილს.

დანართი

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

0114, თბილისი, I ხეივნის ქუჩის დასაწყისი, საქართველო

აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტი

ტელ: + (995 32) 294 80 10 (შიდა ნომერი 111)

ელ. მისამართი აეროდრომის დაცვის არეში ობიექტების დასაშვები სიმაღლის შეთანხმების საკითხებზე: OLS@gcaa.ge