საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ავიამიმოსვლის გეოგრაფიული არეალი ფართოვდება. პირველად, თბილისი ჩინეთის უმსხვილეს ქალაქსა და ფინანსურ მეგაპოლის – შანხაის საჰაერო გზით დაუკავშირდება.

ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შანხაი – თბილისი – შანხაის საჰაერო ხაზზე ფრენებს 15 ივლისიდან დაიწყებს. ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა, რასაც 2024 წლის მაისიდან ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ შეუწყო ხელი. 2025 წელს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილ იქნა 100 470 მგზავრი, რაც 2024 წელთან (57 184 მგზავრი) შედარებით 76%-იან ზრდას შეადგენდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს, იანვარ-ივნისში, ორ ქვეყანას შორის გადაყვანილ იქნა 49 992 მგზავრი. მგზავრთნაკადის აღნიშნული რაოდენობა 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს (40 053) დაახლოებით 25%-ით აღემატება.

დღეისათვის საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს 2 ჩინური ავიაკომპანია. China Southern Airlines-ი ურუმჩი – თბილისი – ურუმჩის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად ასრულებს, ხოლო Air China პეკინი-ურუმჩი-თბილისი-ურუმჩი-პეკინის საჰაერო ხაზზე, კვირაში 3 რეისს ახორციელებს.

China Eastern Airlines-ი იქნება რიგით მესამე ავიაკომპანია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ფრენებს მოემსახურება. შანხაიდან პირდაპირი რეისების დაწყება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების შემოდინებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას ჩინეთის უმსხვილესი ფინანსური ცენტრიდან.