საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 3 220 599 მგზავრს მოემსახურა, რაც 30%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 29%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე.
2024 წლის პირველ 6 თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 124 599 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 14%-ს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 745 895 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით 12%-ს შეადგენს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის 104%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 334 437 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 41%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან მიმართებაში კი 35%-ი.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 14 682 ავიარეისი შესრულდა. 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ფრენების ზრდამ 33%-ი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ი.
რაც შეეხება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, 2023 წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი 30%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 102%-ით გაიზარდა. სულ, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 130 498 ერთეული გადაფრენა.
დადებითი დინამიკაა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. 2024 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11022.855 ტონა შეადგინა. 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით, ტვირთბრუნვა 23%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 553 744 მგზავრი ყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველ ხუთეულში ასევე შედიან ავიაკომპანიები: Turkish Airlines (9%, 286 979 მგზავრი); Pegasus (8%, 262 542 მგზავრი); Georgian Airways (7%, 232 890 მგზავრი) და Azerbaijan Airlines (6%, 192 773 მგზავრი).
2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 54 ავიაკომპანია 105 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.