საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს, ხორხე ვარგასს და ამავე ბიუროს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანს, ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენდა.
ბიუროს ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს გააცნო ის ახალი ინიციატივები, რაც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას გააჩნია წევრი სახელმწიფოების ხელშეწყობისთვის. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას და გაძლიერებას ICAO-ს სტანდარტების და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვის პროცესში. ამასთან, ვარგასმა დადებითად შეაფასა სააგენტოს მონაწილეობა ICAO-ს ეგიდით განხორციელებულ აქტივობებში და იმედი გამოთქვა, რომ უწყების სპეციალისტები მომავალშიც აქტიურად ჩაერთვებიან საავიაციო ხელისუფლებების ხელშეწყობისა და პროფესიულ კონსულტირების პროგრამებში.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნისთვის. როგორც გივი დავითაშვილმა აღნიშნა, სააგენტო მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ცოდნის მიღების და წარმატებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკების გაცნობის კუთხით. ამასთანავე, უწყება ხელს შეუწყობს მისი თანამშრომლების ჩართულობას გლობალურ თუ რეგიონალურ პროექტებში, რომლებიც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას ICAO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის.