ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) ევროკავშირის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საერთო დანიშნულების ავიაციის ექსპლუატაციის სამართლებრივი რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა იმართება, რომელსაც სააგენტოს უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის, ასევე უწყების სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებიან. სემინარს საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლების საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის ექსპერტი უძღვება.
TAIEX-ის მიმდინარე პროექტის გახსნით ღონისძიებაში, მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, საფრანგეთის საელჩოსა და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის წარმომადგენლებმა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე გაჩეჩილაძემ ევროპულ მხარეს მადლობა გადაუხადა ტექნიკური დახმარების პროექტში ჩართვისთვის და აღნიშნა, რომ საერთო დანიშნულების ავიაციის მიმართულებით საფრანგეთის წარმატებული და მრავალწლიანი გამოცდილების შესწავლა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.
ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან საფრანგეთში საერთო დანიშნულების ავიაციაში ჩართული სხვადასხვა ტიპის საჰაერო ხომალდების ოპერირების მოდელებს, მათ ექსპლუატაციაზე და საფრენად ვარგისობაზე ზედამხედველობის სტანდარტებს, ფრენის უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით შემუშავებულ მიდგომებს და საავიაციო ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით დადგენილ პროცედურებს.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, მხარეები გეგმავენ დამატებით აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საერთო დანიშნულების ავიაციის მიმართულებით ევროპული გამოცდილების შესწავლას და გაზიარებას.