ჩვენს შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის დარგის რეგულირებას, მუდმივ ზედამხედველობას, კონტროლს და შესაბამისი მომსახურებების გაწევას.
ჩვენი უმთავრესი მიზნებია: სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება, საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მაღალი სტანდარტების დანერგვა ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებული რეგულაციებისა და დირექტივების დანერგვით, მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სხვა.
განვითარება და მიღწევები: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეიქმნა 2011 წლის 15 აპრილს, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად. გადაწყვეტილება საავიაციო ხელისუფლების შექმნის შესახებ მიღებულ იქნა 2010 წელს და მის მიზანს საქართველოში ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების გაუმჯობესება წარმოადგენდა. განხორციელებულმა რეფორმამ სააგენტოს შესაძლებლობა მისცა, დაემყარებინა ეფექტური კონტროლი ფრენების უსაფრთხოებაზე, ჩამოეყალიბებინა საავიაციო დარგში არსებული მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა, აეყვანა და ჰყოლოდა საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიციური პერსონალი, ჰქონოდა საკუთარი ფინანსური რესურსები აღნიშნული სპეციალისტების შენარჩუნებისა და პროფესიული მომზადებისთვის. სააგენტო მუდივად განაგრძობს ინსტიტუციონალურ განვითარებას და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც ასახვას ჰპოვებს უწყების საქმიანობის შედეგებზე.
დაარსებიდან დღემდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საავიაციო უსაფრთხობისა და უშიშროების ზედამხედველობის ხარისხი, რაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ჩატარებულმა საერთაშორისო აუდიტებმა დაადასტურა. 2011 წლისთვის არსებული მდგომარეობით, საავიაციო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის საერთო მაჩვენებელი 32%-ი იყო, ხოლო საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობის მაჩვენებელი 58%-ს შეადგენდა. 2016 წელს, საქართველომ პირველად გადააჭარბა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს და 64.52%-იანი შედეგი აჩვენა. 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.69% გახდა, რითაც ქვეყანამ გადააჭარბა როგორც ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს, ისე ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს (78%). 2024 წელს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საავიაციო უშიშროების აუდიტის შედეგების თანახმად, საქართველომ 89.75%-მდე გააუმჯობესა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები. ბოლო აუდიტების ფარგლებში დაფიქსირებული შედეგებით, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად მოქმედებს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ხარისხზე, ქვეყნის რეპუტაციაზე გლობალურ საავიაციო სექტორში და ზრდის ჩვენი საავიაციო ბაზრის მიმზიდველობას.
ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს ევროპული საავიაციო სტანდარტების დანერგვას ეროვნულ კანონმდებლობაში. „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოს, ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმების (CAA-A)" ფარგლებში, უკვე დაინერგა ოცდაათზე მეტი ევროპული რეგულაციის, მათ შორის საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებასთან, მგზავრთა უფლებების დაცვასთან, სხვადასხვა მიმართულების ავიასაწარმოებისა და პერსონალის სერტიფიცირებასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასთან, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმებასთან, ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასებასთან, საავიაციო მოვლენათა შეტყობინებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. აღნიშნულის ფარგლებში, ბოლო წლებში, სააგენტომ რიგი მიმართულებებით ავიასაწარმოებისა და ავიასპეციალისტების სერტიფიცირება, ასევე მათზე ზედამხედველობა დაიწყო ევროპული რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად, რაც ზრდის მათი მიერ გაწეული მომსახურების უსაფრთხოების ხარისხს და ეფექტურობას. აღსანიშნავია, რომ ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, 2019 წელს, ICAO-ს ასამბლეაზე, საქართველო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ლიბერალური საავიაციო პოლიტიკის აღსრულებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნებთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, საქართველოს საავიაციო ბაზრისა და მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდას. საქართველოს გაფორმებული აქვს ორმოცზე მეტი საჰაერო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი შეთანხმება ლიბერალური პრინციპების გათვალისწინებით, მათ შორის, ევროკავშირთან არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, გამარტივებული წვდომა აქვს ევროპის აეროპორტებთან. სააგენტოს მიერ, ფრენის ნებართვების გაცემის პროცესი გამარტივებულია და ხორციელდება ოპერატიულ, 24 საათიან რეჟიმში. გატარებული პოლიტიკა ხელს უწყობს კონკურენციის გაზრდას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ავიაბილეთის ფასზე და მომსახურების ხარისხზე. მომხმარებლებს მიეცათ სასურველი მიმართულებით გამგზავრების უფრო დიდი არჩევანის საშუალება.
ბოლო წლებში, სააგენტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მცირე ავიაციის სამართლებრივი მოწესრიგების კუთხით. მიღებულ იქნა წესები, რომლებიც ხელს უწყობს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და პარაპლანების ექსპლუატაციას და მათ ხელმისაწვდომობას შესაბამისი ოპერირებით დაინტერესებული პირებისთვის. შემსუბუქდა მოთხოვნები მცირე ზომის აეროდრომებისა და საფრენი მოედნების მიმართ. მიმდინარეობს უპილოტო საჰაერო ხომალდების საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ინტეგრირების პროცესი, აღნიშნული საფრენი აპარატების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებული წესების დანერგვით და შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების ეტაპობრივი ამოქმედებით.
ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ რეფორმებში, სააგენტოს ინსტიტუციონალურ განვითარებაში, ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებასა და თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა – საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ევროკავშირის და წამყვანი საავიაციო ხელისუფლებების მხარდამჭერმა პროექტებმა. სამოქალაქო ავიაციის სფეროს წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საავიაციო ხელისუფლებებთან თანამშრომლობის გაღრმავების, ურთიერთკოორდინაციის გაუმჯობესების, გამოცდილების მიღებისა და გაზიარების მიზნით, სააგენტო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საავიაციო აქტივობებში, პროექტებში, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებსა თუ თემატურ შეხვედრებში. სააგენტო ხელს უწყობს თანშრომლების მაღალი დონის ჩართულობას ტექნიკური დახმარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც სააგენტოს სპეციალისტები ეცნობიან წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილებებს და თავის მხრივ დახმარებას უწევენ რეგიონის ქვეყნებს საქართველოს გამოცდილებების გაცნობის და პრაქტიკული ცოდნის გაზიარების კუთხით.
მენეჯმენტი
სტრუქტურა



