ავიაკომპანია Wizz Air საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, ცვლილება შევიდა მთავრობის N322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“, რომლის შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის საერთაშორისს აეროპორტს შორის ოქტომბრიდან შესაძლებელი ხდება პირდაპირი საერთაშორისო რეისების შესრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ეკონომიკის მინისტრის დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე დაასრულა ტექნიკური კონსულტაციები ავიაკომპანია Wizz Air-თან.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა. ამასთან, დადებითი ეპიდემიოლოგიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, განიხილება ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობა ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან.
რიგა-ქუთაისი-რიგა წარმოადგენს მეოთხე საერთაშორისო მიმართულებას, რომელზეც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის შემდეგ. მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულად ავიაკომპანია Air Baltic ოპერირებს.
სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით.