
2022 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 299 808 მგზავრს მოემსახურა, რაც 92%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. პანდემიამდე, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 80%-ს შეადგენს.
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 172 312 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 73%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.
2022 წლის სამ კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 608 270 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 272%-ს შეადგენს. 2019 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 97%-ს შეადგენს.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 497 425 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 95%-ი.
რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია 9 თვის დაჯამებული მონაცემებით 6 953 მგზავრს მოემსახურა, რაც 103%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 52%-ით მეტია ვიდრე პანდემიამდე, 2019 წლის სამ კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 9 თვეში 2 150 მგზავრი მიიღო, რაც 49%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 42%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წლის პირველ 9 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 161%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 85%-ს შეადგენს. აეროპორტი 12 698 მგზავრს მოემსახურა.
2022 წლის 9 თვეში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 16 141 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 12 226-ს, ხოლო ჩარტერების – 3 915-ს. 2021 წლის პირველ 9 თვეში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა 52%-ით იმატა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 84%-ს შეადგენს.
2022 წლის ცხრა თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 12 740.297 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 12 737.493 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 0.02%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.
2021 წლის 9 თვესთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 57%-ით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 0.10%-ით. სულ, გასულ 9 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 102 924 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
2022 წლის განვლილ 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 407 791 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ია 403 876 გადაყვანილი მგზავრით. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. Turkish Airlines – 13% (407 791 მგზავრი);
2. Wizz Air Hungary – 13% (403 876 მგზავრი);
3. Pegasus – 9% (292 116 მგზავრი);
4. Belavia – 6% (189 550 მგზავრი);
5. Fly Dubai – 5% (173 737 მგზავრი);
6. Israir – 5% (152 704 მგზავრი);
7. Flynas – 5% (147 328 მგზავრი);
8. Azerbaijan Airlines – 4% (141 215 მგზავრი);
9. Fly Arystan – 3% (108 848 მგზავრი);
10. Air Arabia – 3% (100 870 მგზავრი).
1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 40 ავიაკომპანია 81 მიმართულებით ოპერირებს.