უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებისა და ოპერატორების საყურადღებოდ!

2021 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესი და მასთან დაკავშირებული თანმდევი ნორმატიული აქტები. პროექტები შემუშავებულია ევროკომისიის მიერ, 2019 წელს მიღებული „COMMISSION IMPLEMENTING REGULATION (EU) 2019/947“ და „COMMISSION DELEGATED REGULATION (EU) 2019/945“ რეგულაციების მიხედვით.

უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის ახალი წესი მიზნად ისახავს საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ექსპლუატაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე ერთგვაროვანი სამართლებრივი მოთხოვნების არსებობას საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

ახალი წესი ახორციელებს უპილოტო საჰაერო ხომალდების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციის დამატებით მოთხოვნებს, რომლებიც ეხება დისტანციური პილოტების კომპეტენციას, უპილოტო საჰაერო ხომალდის მარკირებას და დისტანციურ იდენტიფიკაციას. ახალი წესის ფარგლებში დისტანციურ პილოტებს „ღია კატეგორიაში“ ექსპლუატაციისას მოეთხოვებათ ელექტრონული ტესტის გავლა, რის შემდეგაც მათ სააგენტოს მიერ მიენიჭებათ კომპეტენციის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი. წესი ასევე ადგენს 250 გრამზე მეტი მასის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის რეგისტრაციის მოთხოვნას. უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატანტის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება  ელექტრონულად, სააგენტოს ვებ-გვერდზე შემუშავებული სპეციალური ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

გარდა ამისა, წესი ადგენს სამართლებრივ მოთხოვნებს სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული იმ ექსპლუატანტების მიმართ, რომლებიც უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციას ახორციელებენ საქართველოს საჰაერო სივრცეში.

ახალი წესის ფარგლებში, ექსპლუატაციის „სპეციფიკურ კატეგორიაში“ ჩნდება ახალი მოთხოვნები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ექსპლუატაციის განხორციელება, როგორც დეკლარირების, ასევე ერთჯერადი თანხმობის და ექსპლუატანტის სერტიფიკატის მოპოვების შედეგად. აღნიშნული პრაქტიკა ხელს შეუწყობს ექსპლუატანტებს შედარებით მაღალი რისკის მქონე ფრენები განახორციელონ მათთვის ხელსაყრელი მეთოდის გამოყნებით. შესაბამისად, ახალი წესი იძლევა შესაძლებლობას „სპეციფიკურ კატეგორიაში“ ექსპლუატაცია განხორციელდეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტული სცენარების შესაბამისად ელექტრონული დეკლარირების საფუძველზე.  სტანდარტული სცენარების შესაბამისად ექსპლუატაციის განხორციელების მიზნით, ახალი წესი  ექსპლუატანტებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ დისტანციური პილოტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება და შეფასება, ე.ი. ნაწილობრივ შეითავსონ სასწავლო დაწესებულების ფუნქცია.

ახალი წესის ამოქმედების პარალელურად, სააგენტოს ვებ-გვერდზე ამოქმედდება სპეციალური ონლაინ პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია, უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო მოთხოვნებთან მიმართებაში. სააგენტოს ვებ-გვერდზე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ფრენისთვის აკრძალულ და შეზღუდულ არეებთან დაკავშირებთ. სააგენტოს მიერ, განთავსდება რეკომენდაციები და მეთოდოლოგია, რომლებიც ექსპლუატანტებს დახმარება ახალი წესით დადგენილი მოთხოვნების უკეთ აღქმასა და შესრულებაში.

 

დანართები

 

დანართები

 

დანართები

 

გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო სისტემები და ხომალდები წარმოადგენენ საფრენ აპარატებს ისევე როგორც ყველა სხვა საჰაერო – სატრანსპორტო საშუალებები. იმისათვის, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდებმა სამოქალაქო დანიშნულების საჰაერო ხომალდებთან ერთად იფრინონ ერთ საჰაერო სივრცეში აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქცია (გაფრთხილება/დაჯარიმება, თავი 10).

გისურვებთ წარმატებულ და უსაფრთხო ოპერირებას!

 

უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვების გაჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: UAS-GA@gcaa.ge