საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გივი დავითაშვილი უხელმძღვანელებს

აპრილი 4, 2023|

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე გივი დავითაშვილი დაინიშნა. იგი ამ პოზიციაზე სამინისტროს მიერ, კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩა.

გივი დავითაშვილი 2022 წლის 11 ოქტომბრიდან ამ დრომდე, ასრულებდა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობას, ხოლო 2019 წლის პირველი მარტიდან, იკავებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, გივი დავითაშვილს აქვს კერძო სექტორში, მათ შორის, საავიაციო ბიზნესში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

გივი დავითაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

აგვისტო 19, 2022|

“რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველებისათვის რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადამზიდველის სტატუსის მინიჭების (დანიშვნის), დანიშნულ ავიაგადამზიდველზე ფრენის სიხშირეების განაწილებისა და უცხო სახელმწიფოს მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველის აღიარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის  №23-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სააგენტო აცხადებს, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა ავიაკომპანია ,,კამექს ეარლაინზის“ განცხადება თბილისი – თელ-ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარულ სატვირთო გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე.

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 2022 წლის 6 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად, თითოეული მხარიდან შესაძლებელია მხოლოდ ერთი სატვირთო ავიაგადამზიდველის დანიშვნა.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ყაზახეთის რესპუბლიკის ავიაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

ივნისი 16, 2022|

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის ავიაციის ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი კატალინ რადუ იმყოფება. ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების პირველ პირებს შორის შეხვედრა 15 ივნისს შედგა.

შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის საჰაერო მიმოსვლის კუთხით არსებულ მზარდ დინამიკაზე და საავიაციო უწყებებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ის შემოსვლით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების ინტენსივობა და ავიამიმართულებები. 2021 წლიდან, აღნიშნული ავიაგადამზიდველის მიერ ქუთაისის მიმართულებით რეისები 4 მიმართულებიდან ხორციელდება (ატირაუ, აქტაუ, ნურსულთანი და შიმკენტი), ამასთან აღინიშნა, რომ წარმატებულად აგრძელებენ ოპერირებას ავიაკომპანიები Air Astana (ალმათი – თბილისი – ალმათი; ნურსულთანი – თბილისი – ნურსულთანი; ალმათი – ბათუმი – ალმათი) და SCAT Airlines-ი (აქტაუ – თბილისი – აქტაუ; აქტობე – თბილისი – აქტობე, ალმათი – ბათუმი – ალმათი).

საავიაციო ხელისუფლებების პირველმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, მხარეებს შორის უკვე არსებობს საკმაოდ პოზიტიური გამოცდილება სხვადასხვა ტექნიკური, მათ შორის საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მიმართულებებით თანამშრომლობის კუთხით. ამასთან, გამოითქვა მზადყოფნა, კოორდინაციის შემდგომ გაუმჯობესებაზე,  როგორც ორმხრივ ისე საერთაშორისო საავიაციო ფორმატებში.

ლევან კარანაძემ ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრას უხელმძღვანელა

მაისი 17, 2022|

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პარიზის ბიუროში ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის თავმჯდომარის მოადგილის რანგში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე გაუძღვა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ICAO-ს გენერალური მდივანი ხუან კარლოს სალაზარი და ამავე ორგანიზაციის რეგიონალური დირექტორი ნიკოლას რალო. შეხვედრას რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების, ევროკომისიის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს, აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის, EUROCONTROL-ის და IATA-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილი ICAO-ს ორმოცდამეერთე ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოები, ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, ორგანიზაციის ახალი კიბერ უსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე ავიაციაში პანდემიის შემდგომი აღდგენის დინამიკა განიხილეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების გარდა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის უარყოფით ზეგავლენას რეგიონის საჰაერო მოძრაობის ნაკადებზე და მთლიანად სექტორის ნორმალურ ოპერირებაზე.

ლევან კარანაძემ, საქართველოს სახელით და შეხვედრის თავმჯდომარის რანგში, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის დელეგაციას და დაგმო აღნიშნული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე საომარი მოქმედებები. თავის გამოსვლაში, სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა ICAO-ს საბჭოს უკრაინისადმი მკაფიო და ურყევი მხარდაჭერის გამო, ასევე, ამავე კონტექსტში, აღნიშნა ის დანაკარგი რაც საერთაშორისო ავიაციის მთელმა სექტორმა განიცადა მსოფლიოს უდიდესი საჰაერო ხომალდის AN-225-ის განადგურების გამო.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან კარანაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებების გენერალურ დირექტორთა შეხვედრაში (DGCA/158), რომელიც ასევე ICAO-ს ორმოცდამეერთე ასამბლეის მოსამზადებელი სამუშაოების განხილვას ისახავდა მიზნად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის, ICAO-ს, EASA-ს და EUROCONTROL-ის წარმომადგენლებთან. ლევან კარანაძემ პარტნიორებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისწინებულ აქტივობებზე და სააგენტოს სხვა მნიშვნელოვან აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 10 წლისაა

აპრილი 15, 2021|

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უმთავრესი მიზანი სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირებაა, ამისათვის კი უზრუნველვყობთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობას.

სააგენტოს შექმნის პერიოდისთვის (2011წ.), საქართველოს საერთო მაჩვენებელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით მხოლოდ 32%-ს შეადგენდა. ბოლო, 2018 წლის აუდიტის შედეგების მიხედვით, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.69% გახდა, რითაც ქვეყანამ გადააჭარბა როგორც ICAO-ს საავიაციო უსაფრთხოების გლობალური გეგმით დადგენილ 60%-იან მაჩვენებელს, ისე ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს (78%).

„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. უკვე სრულად დაინერგა ჩვიდმეტი, ხოლო ნაწილობრივ – ოცდაათზე მეტი რეგულაცია და დირექტივა, მათ შორის სრულად მოხდა მგზავრთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ევროპული სტანდარტების ჰარმონიზება, დაინერგა უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების, ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრებისა და ექსპერტების სერტიფიცირების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები.

სააგენტოს მიზანია მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა – მაღალი სტანდარტების დანერგვით და მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობით. შესაბამისი რეგულაციების დანერგვით, მგზავრებს გაუჩნდათ ევროპული სტანდარტების შესაბამისი კომპესაციების მიღების შესაძლებლობა რეისების გაუქმების, ხანგრძლივი დაგვიანების, ჩასხდომაზე უარის თქმის შემთხვევებში. კომპენსაციები განისაზღვრა აგრეთვე, მგზავრის გარდაცვალების, სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების დროს. ავიაკომპანიებს დაუწესდათ ევროპული სტანდარტების შესაბამისი სადაზღვევო მოთხოვნები. განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობებისა და შეზღუდული მოძრაობის მქონე პირისათვის გარანტირებული, სრულყოფილი დახმარების აღმოჩენის და დისკრიმინაციისაგან დაცვის წესები და პირობები. რეგულაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს აეროპორტებში, ოპერატორთა მიერ მოეწყო შშმ პირთა მომსახურების პუნქტები, ასევე მოხდა აეროპორტების აღჭურვა ყველა საჭირო მოწყობილობითა და ინფრასტრუქტურით რაც საჭიროა შშმ პირთა მომსახურებისათვის.

სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ლიბერალური საავიაციო პოლიტიკის გატარებას. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებების გაფორმება ხდება ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით. ასეთი შეთანხმებების მიხედვით ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაგადამზიდველები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით, არ არის შეზღუდვა დანიშნული ავიაგადამზიდველების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, დანიშნულების პუნქტებზე. ფრენის ნებართვის გაცემის პროცესი გამარტივებულია და ხორციელდება ოპერატიულ, 24 საათიან რეჟიმში. გატარებული ლიბერალური პოლიტიკის შედეგად, ავიაკომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა თვითონ განსაზღვრონ ფრენის სიხშირეები და ტარიფების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს კონკურენციის გაზრდას და თავის მხრივ დადებითად აისახება ავიაბილეთის ფასზე და მომსახურების ხარისხზე. მომხმარებლებს მიეცათ სასურველი მიმართულებით გამგზავრების უფრო დიდი არჩევანის საშუალება.

სააგენტო განაგრძობს ინსტიტუციონალურ განვითარებას და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას. ჩამოყალიბდა საავიაციო დარგში არსებული მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურა. სააგენტოს მეტი შესაძლებლობა აქვს აიყვანოს, მოამზადოს და შეინარჩუნოს საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი და კვალიფიციური პერსონალი. ICAO-ს 2018 წლის აუდიტის მიხედვით ორგანიზაციულ ნაწილი (ORG) გაუმჯობესდა 91.67%-მდე.

საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ტექნიკური შეთანხმებები გაფორმდა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA), ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან (EUROCONTROL), საფრანგეთის და ავსტრიის საავიაციო ხელისუფლებებთან, თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების კვლევით პროგრამასთან (SESAR) და საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციასთან (IATA).

სააგენტო უზრუნველყოფს შიდა ფრენების განვითარების ხელშემწყობი ნორმების დადგენას და ახალი მიმართულებების ინტეგრაციას სამოქალაქო ავიაციის სისტემაში. განისაზღვრა საფრენი მოედნის ცნება და მოთხოვნები. საფრენი მოედნები არ გაივლიან სერტიფიცირების კომპლექსურ პროცესს, რომელსაც გადიან აეროდრომები. მიმდინარეობს ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობისა და ექსპლუატაციისთვის ხელსაყრელი წერტილების შერჩევის პროცესი. შემსუბუქდა საავიაციო უშიშროების მოთხოვნები მცირე აეროდრომების მიმართ. ამოქმედდა გამარტივებული მოთხოვნები სერტიფიცირებული აეროდრომების ტერიტორიის მიღმა არსებული საწვავ-გასამართი მობილური სადგურების მიმართ. აღნიშნული ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით საწვავის მიწოდების მოქნილობას და ხელმისაწვდომობას.

შემუშავდა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი ნორმები, რომელთა მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნული ხომალდების გამოყენებით განხორციელებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

მიმდინარეობს უპილოტო საჰაერო ხომალდების საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში ინტეგრირების პროცესი, აღნიშნული საფრენი აპარატების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებული წესების დანერგვით და შესაბამისი მონიტორინგის მექანიზმების ამოქმედებით.

Go to Top