მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოში (კიოლნი), ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP) საორგანიზაციო კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ ლუტიძემ.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი (EaP), რომელსაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) განახორციელებს, ითვალისწინებს ბენეფიციარი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა) ტექნიკურ მხარდაჭერას ეროვნული საავიაციო მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის დონის გაუმჯობესების მიზნით.

საორგანიზაციო კომიტეტის პირველი შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა და ის ძირითადი აქტივობები განიხილეს, რომლებიც ბენეფიციარი სახელმწიფოების ინტერესების გათვალისწინებით, მათ შორის საქართველოს აქტიური ჩართულობით დაიგეგმა. მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხარის ინიციატივით, ტრენინგების და სემინარების პარალელურად, პროექტის ფარგლებში განხორციელდება სამუშაო ვიზიტები ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის სტატუსის პირველადი შეფასების მიზნით (Initial review visit), რაც დაეხმარება სააგენტოს ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული “ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმების ფარგლებში, სააგენტო თანმიმდევრულად ნერგავს ევროპულ საავიაციო რეგულაციებსა და დირექტივებს ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც ხელს უწყობს ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში, ასევე, ხელსაყრელ პირობებს ქმნის საავიაციო ბაზრის განვითარებისთვის. აღნიშნულ პროცესი აქტიურად არის მხარდაჭერილი თავად EU-ს მიერ, სხვადასხვა ტექნიკური მხარდაჭერის პროექტების (Twinning, EaP, TAIEX და სხვა) განხორციელების გზით.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი (EaP) დასრულება 2026 წელს იგეგმება.