ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის მიახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.

საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის და მათი სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების წესი, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დღეს მიიღო, შემუშავებულია ევროკავშირის N2015/340 რეგულაციის მიხედვით და მისი მიზანია საქართველოს საჰაერო სივრცეში საავიაციო უსაფრთხოების დონის შემდგომი ამაღლება და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის გაცემისა და მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების ახალი და უფრო სრულყოფილი მოთხოვნების დადგენის გზით.

ნორმატიული აქტი განსაზღვრავს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის და მეთვალყურე-შეგირდის მოწმობის, მეთვალყურის ოსტატობის, დაშვების გაცემის და სწავლების პირობებს, მოწმობის მფლობელის უფლება-მოვალეობებს, ასევე საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. წესის მოქმედება ვრცელდება მეთვალყურეზე/შეგირდზე და მათ სასწავლო დაწესებულებაზე, ასევე ყველა იმ პირზე,  რომელიც ჩართულია მეთვალყურის მოწმობის მაძიებლის სწავლების, გამოცდის  და/ან  შეფასების პროცესში.

წესი 2022 წლის პირველი იანვრიდან, ეტაპობრივად შევა ძალაში. ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული ავიამეთვალყურეთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატები და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის/მეთვალყურე შეგირდის მოწმობები, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას  მოქმედების ვადის ამოწურვამდე.