მიმდინარე წლის 28 იანვრიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flydubai“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. თებერვალში, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
დუბაი – თბილისი, ჩამოფრენა 15:50 (ადგილობრივი დრო);
თბილისი – დუბაი, გაფრენა 16:50 (ადგილობრივი დრო).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა. ავიაკომპანია Flydubai საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2011 წელს შემოვიდა.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო. თავდაპირველად ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებებით. ნოემბრიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ასევე განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებებით (ნოემბრამდე აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები). გარდა ამისა, დაინიშნა მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელ ავივის მიმართულებებით.