საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ევროკავშირის პროგრამა (SAFA)

უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების პროგრამა – SAFA (ამჟამად: საჰაერო ხომალდის ბაქანზე ინსპექტირების ევროკავშირის პროგრამა (EU Ramp Inspection Programme)), შემუშავებულ იქნა 1996 წელს სამოქალაქო ავიაციის ევროპის კონფერენციის (ECAC) მიერ, გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებების (JAA) ხელშეწყობით. თავდაპირველად პროგრამა ითვალისწინებდა ECAC-ის წევრი ქვეყნების მიერ მათივე აეროპორტებში დაშვებული უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების ნებაყოფლობით შემოწმებას, შემდგომში ამ ინსპექტირების შედეგების ერთიან მონაცემთა ბაზაში მოქცევის მიზნით.

2007 წლიდან, სრული პასუხისმგებლობა პროგრამის ფუნქციონირებაზე, მის სამართლებრივ უზრუნვეყოფასა და შემდგომ განვითარებაზე დაეკისრა ევრო-კომისიას (EC), რომელიც თავის მხრივ პროგრამას კურირებს ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA) ერთად. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ინსპექტირების შედეგების შეგროვებას, ინფორმაციის გაცვლას და მონაცემთა ერთიანი ბაზის სისტემის მართვას.

პროგრამა ითვალისწინებს მესამე ქვეყნის საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყნის და იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებთანაც დადებულია შესაბამის შეთანხმება. ინპექტირების შედეგები ერთიანი ბაზის მეშვეობით ხელმისაწვდომია ყველა წევრი ქვეყნისათვის. იმ შემთხვევაში თუ ინსპექცია გამოავლენს მნიშვნელოვან შეუსაბამობებს, ინფორმაცია ეცნობება შესაბამის ავიაგადამზიდველს და ზედამხედველ ორგანოს. ხოლო თუ აღნიშნული შეუსაბამობები საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას, ინსპექტორებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ მოითხოვონ მაკორექტირებელი ღონისძიებების ჩატარება, სანამ ნებას დართავენ საჰაერო ხომალდს დატოვოს ტერიტორია.

2006 წელს, გაფორმდა სამუშაო შეთანხმება „წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს აეროპორტებში დაშვებული საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის შესახებ’’ საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს შორის, რომელიც ჩაანაცვლა 2013 წელს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ. 2009 წელს, დამატებით გაფორმდა სამუშაო შეთანხმება EASA-სა და ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას შორის სტანდარტიზაციის მისიების განხორციელების მიმართულებით. 2019 წელს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციას შორის გაფორმდა ახალი სამუშაო შეთანხმება. ზემოაღნიშნული შეთანხმებების ფარგლებში, სააგენტოს თანამშრომლები (SAFA-ს ინსპექტორები) ახორციელებენ უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას (საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმებას) SAFA-ს პროგრამის შესაბამისად.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ჰყავს SAFA-ს ოთხი ინსპექტორი.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან”

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” (2015-2017 წლები) მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA). ევროკავშირის მხრიდან პროექტს უძღვებოდნენ: ავსტრიის საავიაციო ხელისუფლება და სააერნაოსნო მომსახურების საწარმო – „ავსტროკონტროლი” და ხორვატიის საავიაციო სააგენტო (CCAA). პროექტმა მუშაობა 2015 წლისივნისში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა.

პროექტის ითვალისწინებდა:

  • ევროკავშირის საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად განახლებული რეგულაციების იდენტიფიცირებას;
  • განახლებული ევროპული სამოქალაქო ავიაციის მოთხოვნების შესაბამისად, სამართლებრივი მექანიზმებისა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ჩამოყალიბებას სწრაფი დანერგვის პროცედურის უზრუნველსაყოფად (რეგულაციები, ბრძანებები, ალტერნატიული წესების შესაბამისობა, გზამკვლევის მასალები და სერტიფიცირების სპეციფიკაცია);
  • პროგრესის მონიტორინგის განგრძობადი სისტემის ჩამოყალიბებას.

პროექტს ჰქონდა ორი მთავარი კომპონენტი:

  • საქართველოს ავიაციის სააგენტოსათვის პროცედურებისა და სახელმძღვანელოების თანმიმდევრული სისტემის განვითარება, სისტემის საერთაშორისო რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მიზნით;
  • საქართველოს ავიაციის სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება.

„TWINNING”-ის პროექტის მხარდაჭერით:

  • დასრულდა სამოქალაქო ავიაციის მოქმედი კანონმდებლობის ევროპულ რეგულაციებთან შესაბამისობის ანალიზი, გამოიცა ანგარიში სამართლებრივი ჩარჩოს განსხვავებების შესახებ. შემუშავდა ევროპული რეგულაციების გადმოტანისა და დანერგვის სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც, სულ იდენტიფიცირებული იქნა 80 ევროპული რეგულაცია საავიაციო სექტორისათვის, აქედან პრიორიტეტულად განისაზღვრა 20-მდე რეგულაცია, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ევროპელ ექსპერტებთან ერთად;
  • განხორციელდა საავიაციო უსაფრთხოებასთან, საავიაციო უსაფრთხოების მართვასთან, ავიასპეციალისტების სერტიფიცირებასთან, საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული რეგულაციების სამართლებრივი ანალიზი, საავიაციო სისტემაზე, ინდუსტრიაზე, გარემოზე და მომხმარებლებზე ზეგავლენის შეფასება, მათი დანერგვის დროში გაწერა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებზე მუშაობა;
  • შესწავლილ იქნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არსებული ფუნქციონალური სტრუქტურა და მისი შესაძლებლობები, შიდა პროცესები და პროცედურები, მომზადდა და სააგენტოსთან შეთანხმებით დამტკიცდა შესაბამისი ანალიზი, შემუშავდა რეკომენდაციები;
  • განხორციელდა 41 სხვადასხვა მიმართულების ექსპერტის 151 სამუშაო მისია (შეხვედრები, სემინარები, ტრეინინგები);
  • სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სპეციალისტების სასწავლო ვიზიტები შედგა „ავსტროკონტროლში“, ხორვატიის სამოქალაქოო ავიაციის სააგენტოში და გერმანიის სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ფედერალურ ორგანოში;

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) შეიქმნა 1998 წელს ევროკომისიის ინიციატივით და მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციებსა და ბენეფიციარი ქვეყნის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით.

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან

ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი – „საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ საავიაციო კანონმდებლობასთან“ (2011-2013 წლები) მიზნად ისახავდა  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საავიაციო ხელისუფლებებსა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს როგორც ბენეფიციარი ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. პროექტი მუშაობა 2011 წელს დაიწყო .

Twinning-ის პროექტის მხარდაჭერით, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს  ჩაუტარდათ 90-მდე მიზნობრივი ტრეინინგი და სემინარი. სასწავლო მივლინებების ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე გაცნობოდნენ ევროპული სტანდარტების ორგანიზაციაში წარმატებით ფუნქციონირებად ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. პროექტში ჩართულ უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციით სააგენტომ შეიმუშავა ტრეინინგ პროგრამა ტექნიკური პერსონალისათვის, დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე საქართველოს საჰაერო კოდექსში.

პროექტის ბენეფიციარ ორგანიზაციას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA). ევროკავშირის მხრიდან პროექტს უძღვებოდნენ: გერმანიის ტრანსპორტის, მშენებლობისა და ურბანული განვითარების ფედერალური სამინისტრო, აგრეთვე, ავსტრიის საჰაერო ნავიგაციის სამსახური – AUSTRO CONTROL.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა (Twinning) შეიქმნა 1998 წელს ევროკომისიის ინიციატივით და მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ადმინისტრაციებსა და ბენეფიციარი ქვეყნის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობას ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობისა და ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოების კუთხით.

ტექნიკური დახმარების პროექტი “ტრასეკა სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოება II”

ევროკავშირის დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროექტი – EU TRACECA Civil Aviation Safety/EASA project ხორციელდებოდა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ და მიზნად ისახავდა სამოქალაქო ავიაციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფას ბენეფიციარ ქვეყნებში, მოქმედი რეგულაციებისა და პრაქტიკის ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების რეგულაციების იმპლემენტაციას და ა.შ. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 50-მდე სასწავლო კურსი და სემინარი. ტრასეკას წევრ სახელმწიფოთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ყველაზე აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ სწავლებებში (107 მსმენელი).

EASA-ს ტექნიკური დახმარების პროექტის დაიწყო 2012 წელს და დასრულდა 2015 წელს.

ტექნიკური დახმარების პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის / შუა აზიის ქვეყნებისთვის

ევროკავშირის დაფინანსებული ტექნიკური დახმარების პროექტი – EASA EASTERN PARTNERSHIP / CENTRAL ASIA PROJECT ხორციელდებოდა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ და ითვალისწინებდა ბენეფიციარი სახელმწიფოების დახმარებას ორი მიმართულებით:

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (საქართველო, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი) ხელშეწყობა ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების, ევროპული რეგულაციების დანერგვის, პანევროპულ საჰაერო სივრცეში ეფექტური ფუნქციონირების, საავიაციო კანონმდებლობისა და სამუშაო პრაქტიკის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და უშიშროების სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით.
  • ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) პროექტი ითვალისწინებდა ხელშეწყობას ევროპის საავიაციო სისტემისა და კანონმდებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების აღმოფხვრის კუთხით.

EASA-ს ტექნიკური დახმარების პროექტის დაიწყო 2016 წელს და დასრულდა 2021 წელს.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის (EaP)

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი (EaP), რომელსაც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) განახორციელებს, ითვალისწინებს ბენეფიციარი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა) ტექნიკურ მხარდაჭერას ეროვნული საავიაციო მარეგულირებელი ნორმების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის დონის გაუმჯობესების მიზნით. ტრენინგების და სემინარების პარალელურად, პროექტის ფარგლებში განხორციელდება სამუშაო ვიზიტები ევროკავშირის რეგულაციების დანერგვის სტატუსის პირველადი შეფასების მიზნით (Initial review visit), რაც დაეხმარება სააგენტოს ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში.

EASA-ს ტექნიკური დახმარების პროექტის დაიწყო 2023 წელს და მისი დასრულება 2026 წელს იგეგმება.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის თაობაზე

ერთიანი ევროპული ცის სისტემაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს ხელი მოეწერა EUROCONTROL-სა და საქართველოს შორის სპეციალურ შეთანხმებას. დოკუმენტის თანახმად, ხორციელდება ეროვნულ დონეზე, საჰაერო მოძრაობის ორგანიზების პოლიტიკის და არსებული სისტემის ფუქნციონირების ეფექტიანობის ანალიზი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. შეთანხმების ფარგლებში, პრიორიტეტი ენიჭება  საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმების ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას,  სააერნაოსნო მომსახურების მახასიათებლების შეფასებას და შესაბამისი გეგმის მომზადებას,  ეროვნული საავიაციო უსაფრთხოების გეგმის შემუშავებას, საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდას გაზრდილი ნაკადების ფონზე საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის კონცეფციის იმპლემენტაციას და სხვა.

შეთანხმების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების და მიზნების შესრულებას საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შპს „საქაერონავიგაცია“.