სამოქალაქო აეროდრომების/ვერტოდრომების სერტიფიცირება

სამოქალაქო აეროდრომებისა და ვერტოდრომების სერტიფიცირების წესები და პირობები, სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, სერტიფიკატის უკან დაბრუნების, შეჩერების, განახლების, შეზღუდვის, გაუქმების, გადაცემის და სერტიფიკატის გამოცვლის პირობები განსაზღვრულია „სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისა და საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 4 მარტის №32 ბრძანებით.

სამოქალაქო აეროდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ აეროდრომი გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანაგადაზიდვა სრულდება იმ თვითმფრინავით, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა აღემატება 2370 კილოგრამს; აეროდრომზე ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა; სერტიფიცირებას მოითხოვს აეროდრომის ექსპლუატანტი.

სამოქალაქო ვერტოდრომი ექვემდებარება სერტიფიცირებას, თუ ვერტოდრომზე ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა; სერტიფიცირებას მოითხოვს ვერტოდრომის ექსპლუატანტი.

სახელმწიფო ავიაციის აეროდრომი და ვერტოდრომი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო მიზნებისთვის, ასევე ექვემდებარება სერტიფიცირებას სამოქალაქო ავიაციის აეროდრომის და ვერტოდრომის სერტიფიცირებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად.

სააგენტოს მიერ აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიკატის, ასევე საფრენი მოედნის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.

აეროდრომის/ვერტოდრომის ექსპლუატანტის მიერ საერთაშორისო ავიარეისების მომსახურების დაგეგმვის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დამატებით უზრუნველყოს საბაჟო, სასაზღვრო, სანიტარიული და საკარანტინო მომსახურება/ფუნქციების განხორციელება შესაბამისი უწყებების მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

სერტიფიცირებული აეროდრომისათვის/ვერტოდრომისათვის, საერთაშორისო ინდექსის (ოთხი ლათინური ასოსაგან შემდგარი პირობითი ამოსაცნობი ნიშანი) მინიჭება და გაუქმება ხორციელდება იკაო-ს ოფიციალური გამოცემით DOC 7910 („ადგილმდებარეობის მაჩვენებლები/ინდექსები“) დადგენილი წესით, ამ აეროდრომის ექსპლუატანტის მოთხოვნისა და სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (შემდგომში – IATA) კოდის მინიჭება კი ხორციელდება IATA-ს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სერტიფიცირების ეტაპები

სააგენტოს მიერ აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირება ხორციელდება ხუთ ეტაპად:

I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცესი (სერტიფიკატის მიღებაზე ინტერესის გამოხატვა);

II ეტაპი – დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება;

III ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება;

IV ეტაპი – სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღება;

V ეტაპი – სერტიფიკატის გაცემისას ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP) აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირების სტატუსისა და სხვა შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნება.

 

წინასასერტიფიკაციო პროცესი

ახალი აეროდრომის/ვერტოდრომის პროექტირებამდე, გაუმართლებელი ხარჯების თავიდან ასაცილებლად, დაინტერესებული პირებს აქვთ შესაძლებლობა წერილობით მომართონ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიკატის მიღებაზე ინტერესის გამოხატვის შესახებ, სადაც აღწერენ აეროდრომის/ვერტოდრომის სამომავლო ოპერირების კონცეფციას და გეგმას. წინასასერტიფიკაციო პროცესის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს სპეციალისტები, კომპეტენციის ფარგლებში, ფრენების უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად შესრულების შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, აფასებენ აეროდრომის/ვერტოდრომის მშენებლობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიას და მისი შემოგარენის ბუნებრივ პირობებს (ადგილის თავისებურება, სხვა მოქმედ აეროდრომთან/ვერტოდრომთან დაშორება, დაბრკოლებები, რელიეფი, გამოსაყენებელი საჰაერო სივრცე, შესაძლო გარემოსდაცვითი და სხვა შეზღუდვები).

ახალი აეროდრომის/ვერტოდრომის პროექტირების და შემდგომში სერტიფიცირების შესაძლებლობის დადებითად ან უარყოფითად შეფასების შესახებ, სააგენტო გასცემს წერილობით რეკომენდაციას, სადაც დადებითი შეფასების შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს მიუთითებს აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირებისათვის გასატარებელ ღონიძიებებს. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში კი, აღწერს გარემოებას, თუ რატომ არ არის შესაძლებელი აეროდრომის/ვერტოდრომის სერტიფიცირება.

 

განცხადების და თანდართული საბუთების წარმოდგენის, სააგენტოს მიერ მათი განხილვისა და შეფასების წესები და პირობები,  სერტიფიცირებასთან, მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

დანართები