საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირება

საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირები, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღებას, შემოწმებას, დამუშავებას, გაფორმებას, შენახვას და გაცემას ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას. საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიცირებას და სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების ნორმები და პროცედურები განსაზღვრულია „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის N264 ბრძანებით.

სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მისი მფლობელი აკმაყოფილებს შესაბამისი წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა.

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტერმინალი:

  • ტერმინალის შენობა-ნაგებობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი წესებით, ნორმებითა და სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ტრავმებისაგან დაცვის, სახანძრო და ელექტროუსაფრთხოების, ვენტილაციის, სანიტარიის მიმართ;

 

  • ტერმინალის ტერიტორიას მთელ პერიმეტრზე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2,44 მეტრი სიმაღლის კაპიტალური მასალით აგებული შემოღობვა, რომელზეც დამონტაჟებული იქნება მჩხვლეტავი მავთულხლართი, გარე განათება, დამცავი სიგნალიზაციის სისტემა და გამაფრთხილებელი ნიშნები;

 

  • სახიფათო ტვირთის მომსახურება უნდა განხორციელდეს, იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284-A№/905) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნების შესაბამისად;

 

  • ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს, ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღების, შემოწმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვის), შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფი შემდეგი საშუალებებით:

ა) სპეციალური და თვითმავალი ავტომტვირთავი;

ბ) თვითმავალი ურიკები ტვირთის ტრანსპორტირებისათვის;

გ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) ტვირთის ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სატვირთო ავტოტრანსპორტი;

დ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სპეცავტოტრანსპორტი (ტვირთის კონტეინერული გადაზიდვების შემთხვევაში);

ე) იზოლირებული ფართი სახიფათო ტვირთის მომსახურებისათვის;

ვ) სპეციალური იზოლირებული ოთახი ან განცალკევებული ნაგებობა რადიოაქტიური ნივთიერებების მომსახურებისათვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (რადიოაქტიური სახიფათო ტვირთების მომსახურებისას);

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სიზუსტეზე შემოწმებული ტვირთის ასაწონი მოწყობილობა(ები), რომლებიც საჭიროა ტერმინალის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად;

თ) კავშირგაბმულობის საშუალებები ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფად;

ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, ტვირთის შესამოწმებელი სპეციალური მოწყობილობა (სტაციონარული და პორტატიული) და სხვა ტექნიკური საშუალებები.

 

  • ტერმინალის სპეცავტოტრანსპორტი, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს სამუშაოები, აეროდრომის ტერიტორიაზე აღჭურვილი უნდა იყოს გაბარიტული და ციმციმა შუქებით, კავშირგაბმულობის, ხანძარსაწინაღო და ბუქსირების საშუალებებით;

 

  • ტერმინალის ფუნქციონირებას უნდა უზრუნველყოფდეს:

ა) სახიფათო ტვირთის მომსახურების განმხორციელებელი პერსონალი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284-A№/905) და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად გაცემული სახიფათო ტვირთის მომსახურების სერტიფიკატი;

ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №261 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის შერჩევის, მიღების, მომზადებისა და სერტიფიცირების წესის“ მოთხოვნებით დადგენილი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;

გ) საავიაციო უშიშრობის უზრუნველმყოფი კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირებული პერსონალი.

 

  • ტერმინალში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასაშვო და შიდა საობიექტო რეჟიმი.

 

ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმების და სერტიფიკატის მფლობელის მიერ სასერტიფიკაციო პირობების დაცვაზე ზედამხედველობის წესები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის  №264 ბრძანება „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ