სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ ავიასპეციალისტების პროფესიულ მომზადებას ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიცირებას. სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირებას და სასერტიფიკაციო მოთხოვნების შესრულებაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებების სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების წესები და პირობები განსაზღვრულია „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 ოქტომბრის N221 ბრძანებით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება საქართველოს საჰაერო კოდექსის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის პირველი დანართის („ავიასპეციალისტების სერტიფიცირება“), სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური გამოცემა – Doc 9841-ის („სასწავლო დაწესებულებების სერტიფიცირების სახელმძღვანელო“) მოთხოვნებს.
სერტიფიცირების ეტაპები
სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება ხორციელდება ოთხ ეტაპად:
I ეტაპი, რომელიც მოიცავს: განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წარდგენას, უწყების მიერ, წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარ განხილვას და შეფასებას;
II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება;
III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკატის გაცემა;
IV ეტაპი – სასწავლო დაწესებულების საქმიანობაზე მუდმივი ზედამხედველობა.
პირველადი სერტიფიცირებისას სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
სერტიფიცირებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის, სააგენტოს მიერ სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატის გაცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის შეჩერების და განახლების, მასში და/ან მის დანართში ცვლილებების შეტანის, განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების, ავიასპეციალისტთა პროფესიული მომზადებისათვის განსაზღვრული სასწავლო კურსების ჩატარების, სასწავლო ბაზის მოწყობის წესები და პირობები, აგრეთვე სასწავლო დაწესებულების პერსონალის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში: