საფრენი მოედნების რეგისტრაცია

საფრენი მოედანი არის ხმელეთის ან წყლის გარკვეული ფართობი, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, განკუთვნილია საჰაერო ხომალდების მიღებისა და გაშვებისათვის და რომელსაც შესაძლებელია არ გააჩნდეს ხელოვნურ საფარიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

 

ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მოთხოვნების გათვალისწინებით, ხმელეთის საფრენი მოედნის ძირითადი პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის  2018 წლის 16 თებერვლის №87 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების/ვერტოდრომების პროექტირებისა და ექსპლუატაციის ძირითადი პირობების“ მოთხოვნებს და სულ მცირე, აღჭურვილი უნდა იყოს:

  • ქარის მიმართულების მაჩვენებლით;
  • ასაფრენ-დასაფრენი ზოლის/FATO და TLOF მონიშვნის ვიზუალური საშუალებებით;
  • შესაბამისი დონის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით;
  • ტერიტორიის საერთო შემოღობვით, დიდი და საშუალო ზომის ცხოველების საფრენ მოედანში შეღწევის აღკვეთის მიზნით (სავალდებულია მხოლოდ იმ საფრენი მოედნებისათვის, სადაც ხდება საჰაერო ხომალ(ებ)ის ბაზირება).

 

საფრენი მოედნები წყლის ზედაპირზე აღჭურვილი უნდა იქნეს:

  • ქარის მიმართულების მაჩვენებლით;
  • საფრენი აკვატორიის აღმნიშვნელი მონიშვნებით;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით;
  • პირსით, საჰაერო ხომალდის ნაპირთან დამაგრებისა და მგზავრების ჩასხდომა-გადმოსვლის უზრუნველსაყოფად.

 

სააგენტოს მიერ საფრენი მოედნის რეგისტრაცია დაიშვება, თუ:

  • საფრენი მოედანი, 3 ან 4 კოდური აღნიშვნის მქონე სერტიფიცირებული აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან დაშორებულია არანაკლებ 5 კმ მანძილზე;
  • საფრენი მოედანი, 1 ან 2 კოდის მქონე სერტიფიცირებული აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან დაშორებულია არანაკლებ 3 კმ მანძილზე;
  • მდებარეობს დასახლებული რაიონიდან/საცხოვრებელი ობიექტიდან მანძილით, რომელიც უზრუნველყოფს ფრენების უსაფრთხოდ შესრულებას.

 

საფრენი მოედნის რეგისტრაციისათვის, საფრენი მოედნის ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირი, სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას განმცხადებლის შესახებ (პირადი ინფორმაცია ან მონაცემები იურიდიული პირის შესახებ, მისამართი);

ბ) საფრენი მოედნის რეგისტრაციის მიზეზს;

გ) საფრენი მოედნის დასახელებას, ახლო მდებარე დასახლებული პუნქტის სახელწოდებას, საფრენი მოედნის საკონტროლო წერტილის გეოგრაფიული კოორდინატებს (მსოფლიო გეოდეზიური სისტემის WGS-84 მიხედვით, ხოლო შემაღლებას EGM 96 გათვალისწინებით), რომელიც დამოწმებული იქნება უფლებამოსილი გეოდეზისტის მიერ;

დ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პარამეტრებს და მიმართულებას ან დასაფრენად შესვლის საბოლოო ეტაპის და აფრენის ზონის (FATO) პარამეტრებს და მიმართულებას;

ე)  განცხადებას იმის თაობაზე, რომ საფრენი მოედნის მახასიათებლები აკმაყოფილებს იმ მაქსიმალური მახასიათებლების მქონე საჰაერო ხომალდის მიმართ დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელიც ამ საფრენ მოედანზე ფრენებს შეასრულებს.

 

საფრენი მოედნის რეგისტრაციის განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საფრენი მოედნის ფლობის დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ნოტარიულად დამოწმებული  განცხადება იმის თაობაზე, რომ საფრენი მოედნის მესაკუთრე/მფლობელი პირი თანახმაა, რომ განმცხადებელმა ეს მოედანი  საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისათვის გამოიყენოს;

ბ) საფრენი მოედნის განთავსების ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულიდან (ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან) წერილობით თანხმობას, საფრენი მოედნის მოწყობისა და აღნიშნული მოედნიდან ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით;

გ) საფრენი მოედნის გეგმა (რუკა), საზღვრების და მასშტაბის ჩვენებით, სადაც მითითებულია საფარის ტიპი (ბალახის, ბეტონის ან ასფალტ-ბეტონი და სხვა), დასაფრენად შესვლის არეალი, აფრენა-დაფრენის მიმართულებები, საფრენ მოედანზე არსებული ქარის მიმართულების მაჩვენებელის მდებარეობა, ნაგებობები (არსებობის შემთხვევაში), მნიშვნელოვანი დაბრკოლებები უშუალოდ საფრენ მოედანზე ან მის სიახლოვეს;

დ) საფრენ მოედანზე ფრენის შესრულების სახელმძღვანელო (ფშს).

 

განცხადების და თანდართული საბუთების წარმოდგენის, სააგენტოს მიერ მათი განხილვისა და შეფასების, საფრენი მოედნების რეგისტრაციის და აღრიცხვის წესები და პირობები,  ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ნორმატიულ აქტში:

დანართები