გვსურს გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიმართ გავრცელებულ ცილისმწამებლურ და უსაფუძვლო ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებას და უწყების დისკრედიტაციას. სამწუხაროდ, აღნიშნული დეზინფორმაცია, გადამოწმების გარეშე, აიტაცა რამდენიმე მედია საშუალებამ, რითიც ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის გავრცელების პროცესს.
ნიშანდობლივია, რომ ხსენებული ჯგუფის ცილისმწამებლური თავდასხმების სამიზნე სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ხდება მაშინ, როდესაც აღნიშნულ უწყებაში მიმდინარეობს მათთან კავშირში მყოფი ერთ-ერთი კომპანიის საავიაციო ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული განაცხადის და დოკუმენტაციის განხილვის პროცესი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ზეწოლის მცდელობაზე კონკრეტული ავიაკომპანიების და მათთან კავშირში მყოფი მიკერძოებული პირების მხრიდან.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან, უსაფუძვლო ბრალდებები გამოითქვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და ერთ-ერთი ქართული სატვირთო ავიაკომპანიის, „იზი ჩარტერის“ ტერორიზმთან დაკავშირებულ ორგანიზაციასთან შესაძლო თანამშრომლობაზე. განვმარტავთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქმედებს რა ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) ნორმების შესაბამისად, ვალდებული იყო წარმოებაში მიეღო განაცხადი და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში ეღიარებინა ყირგიზეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ გაცემული მოწმობები, რადგან ისინი აკმაყოფილებდნენ არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ ICAO-ს მოთხოვნებსაც.ინფორმაციისთვის, ქართული სატვირთო ავიაკომპანია „იზი ჩარტერი“ 2020 წლიდან ფლობს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოქმედ სერტიფიკატს და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას. გარდა ამისა, Easy Charter-მა 2021 წელს გაიარა ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია, რაც უფლებას ანიჭებს კომპანიას ოპერირება განახორციელოს ევროკავშირის ქვეყნებში. ავტორიზაცია ადასტურებს ავიაკომპანიის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე.
ამდენად, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ გავრცელებული განცხადებები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დისკრედიტაციას და ჩვენს მიერ ფასდება სააგენტოს საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად.
გარდა ამისა, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ მიერ, ასევე ვისმენთ სპეკულაციებს სააგენტოში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის, გივი დავითაშვილის მიერ ერთ-ერთი ავიაკომპანიის „ლობირების“ თაობაზე. გაკვირვებას იწვევს ამ ფაქტით მანიპულირება მაშინ, როცა გივი დავითაშვილმა სამ წელზე მეტია რაც დატოვა შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ და ამავე პერიოდიდან დაინიშნა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. იგი არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში აღნიშნულ ავიასაწარმოსთან და არ გახლავთ მისი მეწილე.
საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს პირის კერძო სექტორიდან საჯაროში გადასვლას. შესაბამისად, გაუგებარია დაუსაბუთებლად გამოთქმული ეჭვები შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ გივი დავითაშვილი საკურატორო სფეროს ფარგლებში, ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებიც ახორციელებენ უწყების სამართალშემოქმედებით საქმიანობას, ავიაკომპანიების სერტიფიცირებას და მათ მუდმივ ზედამხედველობას საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების მიმართულებით. დავითაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტების საქმიანობის ფარგლებში, განვლილ წლებში არაერთმა ავიაკომპანიამ გაიარა სერტიფიცირება.
რაც შეეხება ბოლო დღეებში, ამავე ჯგუფის მიერ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ გადაცემაში გამოთქმულ კიდევ ერთ უსაფუძვლო ბრალდებას, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის თაობაზე, გვსურს საზოგადოებას მოვახსენოთ შემდეგი. შპს „ეარ ჯორჯიაზე” საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მიმდინარე წლის მარტში გაიცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავიაკომპანიის განაცხადის განხილვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის თაობაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ განხილვის ეტაპის ფარგლებში, “ეარ ჯორჯიამ” სააგენტოში ხუთჯერ წარმოადგინა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შინაარსის დოკუმენტაცია და ამჟამად, უწყების მხრიდან მიმდინარეობს ცვლილებების ბოლო ვერსიის შესაბამისობის შემოწმება მოქმედ კანონმდებლობასთან. ავიაკომპანია „მაი ვეი ეარლაინზისთვის“ კი, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმება მოხდა კანონმდებლობის უხეში დარღვევების გამო. აღნიშნული დარღვევების შემთხვევაში, მათი სიმძიმიდან გამომდინარე, შესაბამისი რეგულაცია ითვალისწინებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებას და არა რაიმე სხვა ზომას.
არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ერთ-ერთმა მედია საშუალებამ, ტელეკომპანია „ფორმულამ“ რამდენიმე დღის წინ ისე გაავრცელა დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაცია, რომ არც კი გამოაქვეყნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მიწოდებული განმარტებები, რაც ცალსახად მიანიშნებს, რომ როგორც „ანტიკორუფციულ მოძრაობას“, ასევე მასთან აფილირებულ მედია საშუალებებს არ აინტერესებთ სიმართლის დადგენა.
დასასრულს აღვნიშნავთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, მიუხედავად სხვადასხვა სახის ზეწოლის მცდელობისა გარკვეული ავიაკომპანიების და მათთან დაკავშირებული ანგაჟირებული პირების მხრიდან, მუდმივად განახორციელებს აუცილებელ ზედამხედველობას კანონმდებლობით, მათ შორის საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად, რაც ემსახურება ფრენების უსაფრთხოებას და მგზავრთა ინტერესების განუხრელ დაცვას.