საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დაჯამებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 7 450 652 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია ქვეყნისთვის. 2024 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 24%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წელი 6 013 995 გადაყვანილი მგზავრით ასევე რეკორდული იყო სამოქალაქო ავიაციისთვის.
გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4 750 425 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2023 წელთან შედარებით 29%-ს შეადგენს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 722 804 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდამ 2023 წელთან შედარებით 3%-ი შეადგინა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2024 წელს 951 766 მგზავრს მოემსახურა, რაც 53%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებლებს.
2024 წელი რეკორდული იყო განხორციელებული ფრენების თვალსაზრისითაც. გასულ წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 32 528 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 25 342 ფრენას, ხოლო ჩარტერების რაოდენობა 7 186-ს. 2023 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები. კერძოდ, 2023 წელთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა 29%-ით. სულ, გასულ წელს 299023 ერთეული საჰაერო სივრცის გამოყენება დაფიქსირდა.
დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2024 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 25695.581 ტონა შეადგინა. 2023 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი.
2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე დამაჯერებლად ლიდერობს Wizz Air-ი. ავიაკომპანია ბაზრის 17%-იან წილს ფლობს და 1 259 069 მგზავრი ყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
- Wizz Air Hungary – 17% (1 259 069 მგზავრი);
- Turkish Airlines – 7% (553 349 მგზავრი);
- Pegasus – 7% (546 211 მგზავრი);
- Georgian Airways – 7% (515 113 მგზავრი);
- Azerbaijan Airlines – 6% (412 980 მგზავრი);
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია 92 საჰაერო ხაზზე ოპერირებს.