საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური რეგიონის დირექტორს ნიკოლას რალოს შეხვდა. შეხვედრა ქალაქ პარიზში, ICAO-ს რეგიონალურ ბიუროში შედგა და მასში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, „საქაერონავიგაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ და საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები, სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების არსებული დინამიკა და სამომავლო პროექტები. მინისტრის მოადგილემ ICAO-ს რეგიონული დირექტორს გააცნო საჰაერო მიმოსვლის კუთხით დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლები და ის ინფასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის აეროპორტების გამტარუნარიანობის ზრდას და მათი ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებას. თამარ იოსელიანის თქმით, გასულ წელს საქართველო საჰაერო გზით 8 მილიონ-ნახევრამდე მგზავრს, 38 ათასზე მეტ ავიარეისს და 38,578 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც 14%-ით აღემატება 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, 17.5%-ით მეტია ამავე წელს შესრულებული ფრენების რაოდენობაზე და 50%-ით აღემატება 2024 წელს დაფიქსირებული ტვირთბრუნვის მაჩვენებელს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანა თანმიმდევრულად ავითარებს საავიაციო ინფასტრუქტურას, რათა საერთაშორისო მოთხოვნების სრული დაცვით და სათანადო ხარისხით უზრუნველყოს გაზრდილი ნაკადების მომსახურება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით საქართველოს მიერ ნაჩვენებ პროგრესს, რაც ICAO-ს საერთაშორისო აუდიტების ანგარიშებში და ქვეყნის საერთო მაჩვენებლებზე აისახა. აღნიშნული შედეგებით, საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით, საქართველოს საერთო მაჩვენებელი 87.64%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის მდგრადობის ინდიკატორი 89.75%-მდე გაიზარდა. ნიკოლას რალომ დადებითად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობა დარგის რეგულირების გაუმჯობესების კუთხით და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეგიონში ICAO-ს სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან ფრენების დაწყების საკითხს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე პოზიტიური შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ ჩართულობას ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფებსა და ღონისძიებებში. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა კვლავაც შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ICAO-ს დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტივობებში და ამასთან იყოს ავიაციის სფეროსთვის აქტუალური რეგიონალური თუ გლობალური ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა.