საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ არსებული შეთანხმების დანართის განახლების თაობაზე. საქართველოს მხრიდან, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.
მემორანდუმის ფარგლებში განახლებული დანართის თანახმად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული ფრენები განახორციელონ შეუზღუდავად, თურქეთის ნებისმიერი ქალაქის მიმართულებით. აქამდე, რეგულარული ფრენების განხორციელება მხოლოდ სტამბოლის, ანტალიის, ანკარას და ტრაბზონის მიმართულებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხებათ თურქული მხარის ავიაკომპანიებს, როგორც წინამორბედი, ისე განახლებული შეთანხმების დანართის ფარგლებში, მათ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმათულებით აქვთ.
თურქეთის ყველა საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ქართულ ავიაკომპანიებს სამგზავრო და სატვირთო ოპერირების განხორციელების კუთხით.