ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის რეგულირების ახალი წესების შესაბამისად, საქართველოში პირველად გაიცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობა. მოწმობის მფლობელი დავითი ბეროშვილია, რომელსაც კომერციული პილოტის მოწმობის საფუძველზე მიენიჭა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მეორე კლასზე (თვითმფრინავი) დაშვება მეთაურის რანგში (PIC), ასევე იმავე კლასზე მიენიჭა ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის (IULM) კვალიფიკაცია.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ევროპული გამოცდილების შესწავლის საფუძველზე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის მარეგულირებელი წესები (სამი ნორმატიული აქტი) 2024 წელს მიიღო. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ, გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, უზრუნველყო შესაბამისი ინდუსტრიისა და დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობა რეგულაციებზე მუშაობის პროცესში.

ნორმატიული აქტების მიღებამდე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია ნაწილობრივ არაპროპორციული რეგულირების, კერძოდ კი, დიდი ზომის საჰაერო ხომალდების (Boeing, Airbus და სხვ.) მიმართ დადგენილი სტანდარტების ქვეშ ექცეოდა. ახალი რეგულაციების მიღებით, საქართველოში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების წარმოება, აღრიცხვა, ექსპლუატაცია და საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის მოპოვება გაცილებით მარტივი პირობებით არის შესაძლებელი, რაც ხელს უწყობს სამოქალაქო ავიაციის აღნიშნული მიმართულების განვითარებას.

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის მოწმობის ფლობა სავალდებულოა იმ პირებისთვის, რომლებიც წარსულში ახორციელებდნენ ან აქვთ ინტერესი მომავალში განახორციელონ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებით ოპერირება საქართველოში. მოწმობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი. მოწმობა მოქმედია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე და მფლობელს მიღწეული კომპეტენციის გათვალისწინებით, ენიჭება ზსხ-ს შესაბამის კლასზე დაშვება (პირველი კლასი – მოტოდელტაპლანი; მეორე კლასი – თვითმფრინავი; მესამე კლასი – ავტოჟირი; მეოთხე კლასი – ზემსუბუქი შვეულმფრენი).

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის მიღებით, გამარტივებული მოთხოვნები დადგინდა ზსხ–ს პილოტის მოწმობის მისაღებად და მის შესანარჩუნებლად. კერძოდ, 2024 წლის პირველი თებერვლიდან, ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორებს მიეცათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად, შესაბამისი წესებისა და პროცედურის დაცვით,  განახორციელონ ზსხ–ს პილოტის მოწმობის მაძიებელი პირების მომზადება.