საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი.
აღნიშნული შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის მიმზიდველს გახდის საქართველოსა და ომანს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას და ხელს შეუწყობს როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
შეთანხმება ძალაში, ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება.
საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე საკუთარი შეხედულებისამებრ.
შეთანხმების ხელმოწერა საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში გაიმართა.