ქალაქ კუალა-ლუმპურში ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და მაროკოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის. მოლაპარაკებების შედეგად, უწყებებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ასევე, წარმატებით დასრულდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პარაფირების პროცესი.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოსა და მაროკოს ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.

აღსანიშნავია, რომ საავიაციო უწყებების მიერ შეთანხმებაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო, როდესაც მხარეებმა შეხვედრა გამართეს ქალაქ რიადში მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების დროს.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წლევანდელი მოლაპარაკებები – ICAN 2024 მალაიზიაში დღეს დასრულდა.