მიმდინარე წლის 18-27 მარტს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების აუდიტი ჩატარდა. ICAO-ს ოფიციალური დასკვნის საფუძველზე, რომელიც სააგენტომ მაისში მიიღო, საქართველომ წარმატებით გაიარა აღნიშნული აუდიტი და გააუმჯობესა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები. აუდიტის დასკვნის თანახმად, საქართველოს საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის მდგრადობის ინდიკატორმა 89.75%-ი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია წინამორბედ, 2015 წლის აუდიტთან მიმართებაშიც, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მაღალ შედეგებს მიაღწია და მისი საერთო მაჩვენებელი 87.8%-ს შეადგენდა. 2008 წელს განხორციელებული ანალოგიური აუდიტის შედეგებით, საქართველოს საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობის საერთო მაჩვენებელი 58%-ს უტოლდებოდა.

საავიაციო უშიშროების აუდიტის ფარგლებში მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ქვეყანა მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფს მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მომსახურე პერსონალის და მოსახლეობის დაცვას ტერორისტული თუ სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან, სამოქალაქო ავიაციის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების მიერ, ტარდება ყველა აუცილებელი ზომა აეროპორტებისა და საჰაერო ხომალდების არასანქცირებული შეღწევისაგან დასაცავად, მგზავრების, ტვირთის, ბორტკვებისა და სხვა მარაგების შემოწმება ხდება საერთაშორისო დონეზე დადგენილი ტექნიკური მოწყობილობების გამოყენებით და შესაბამისი მოთხოვნების დაცვით.

გარდა ამისა, აუდიტის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ეროვნული მარეგულირებელი ნორმების შემუშავებას, საჰაერო მიმოსვლის უზრუნველყოფაში ჩართული ავიასაწარმოების, ავიასპეციალისტების და საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის ზედამხედველობას ახორციელებს საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. აღნიშნული მაჩვენებლებით, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად მოქმედებს შესაბამის სექტორში ქვეყნის რეპუტაციაზე და ამავე დროს, ზრდის ქვეყნის საავიაციო ბაზრის მიმზიდველობას.