სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა გაიმართა

ნოემბერი 30, 2022|

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მესამე სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციის და სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა საჰაერო სივრცის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის აქტუალურ საკითხებზე და უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. კომიტეტის სხდომას სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გივი დავითაშვილი თავმჯდომარეობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის კუთხით არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მოქმედ საკვანძო-სამეთვალყურეო რაიონებთან მიმართებაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესში ინიცირებულ ცვლილებებს, რომელიც საჰაერო სივრცის დადგენასთან დაკავშირებული პროცესების ფორმალიზებას და სრულყოფას ითვალისწინებს.

კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს საჰაერო სივრცის მოქნილად სარგებლობის კონცეფციის დანერგვის კუთხით მიღწეული პროგრესი, აღნიშნულის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის შესახებ მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. კომიტეტი ევროკონტროლის საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის სპეციფიკაციით (EUROCONTROL Specification for the application of the Flexible Use of Airspace − FUA) ხელმძღვანელობს და სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით საჰაერო სივრცის სტრატეგიულ მართვას უზრუნველყოფს. საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის კონცეფციის დანერგვა საქართველომ 2018 წელს, შესაბამისი ევროკავშირის რეგულაციების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული კონცეფციის მიხედვით, საჰაერო სივრცის ორგანიზება ხდება სამოქალაქო ავიაციისა და სახელმწიფო ავიაციის მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის მჭიდრო კოორდინაციით სტრატეგიულ, პრეტაქტიკურ და ტაქტიკურ დონეებზე და მისი მიზანია საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის უზრუნველყოფა სივრცის ოპტიმალური დაგეგმარების, თანაბრად განაწილებისა და სარგებლობის გზით.

გაზიარება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე “საქაერონავიგაციაში” ინაცვლებს

ოქტომბერი 11, 2022|

ლევან კარანაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პოსტი დატოვა. კარანაძე საქმიანობას „საქაერონავიგაციაში“ განაგრძობს, სადაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრად უკვე დაინიშნა და სამომავლოდ მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა იგეგმება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელად ლევან კარანაძე 2018 წლის დეკემბრიდან დაინიშნა. 2018 წლის დეკემბრამდე მას სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის პოსტი ეკავა, 2013 წლიდან კი დირექტორის მოადგილე იყო. 2011-2013 წლებში, კარანაძე სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, ლევან კარანაძე ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2008-2011 წლებში, “საქაერონავიგაციაში“ საჰაერო მოძრაობის ავიამეთვალყურედ მუშაობდა.

ლევან კარანაძეს მაღალი თანამდებობები უკავია საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებში. 2019 წლის ნოემბრიდან ის EUROCONTROL-ის მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია (11.2021-დან არჩეულია მეორე ვადით). 2019 წლის სექტემბრიდან არჩეულ იქნა ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად. 2019 წლის მარტიდან  არის ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა შეხვედრის (EURNAT-DGCA) თავმჯდომარის მოადგილე. 2019 წლის დეკემბრიდან, კარანაძე იყო ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან, არის ამავე ჯგუფის თავმჯდომარე. 2015-2017 წლებში, ლევან კარანაძე იყო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის – “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” ლიდერი საქართველოში.

ლევან კარანაძეს აქვს ავიაციის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. იგი დღემდე ინარჩუნებს ავიამეთვალყურის სტატუსს და ფლობს შესაბამის მოწმობას. ამავე დროს, ლევან კარანაძე იყო სააგენტოს საჰაერო მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ინსპექტორი (ATM). კარანაძე ფლობს ICAO-ს ინგლისურის მე-5 დონის სერტიფიკატს და 2008-2011 წლებში, იყო საავიაციო ინგლისური ენის დონის გამომცდელი თბილისის საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრში.

გაზიარება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 11, 2022|

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) უფროს წარმომადგენელს ევროპის რეგიონში ჰეიდი ამესს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკურ პარტნიორს ბრუკ სანს უმასპინძლა. შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყნას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების და ამ მიზნით, საავიაციო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ ამერიკულ მხარეს მოკლედ გააცნო ის ძირითადი მიღწევები, რაც საქართველოს აქვს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე, მან ისაუბრა სააგენტოს მიერ გატარებულ სამუშაოებზე ევროკავშირის რეგულაციების და დირექტივების დანერგვის კუთხით, რაც ასევე მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების, მათი უსაფრთხოებისა და უშიშროების დაცვის თვალსაზრისით. აშშ-ს ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია იმ ხანგრძლივ და კომპლექსურ მოსამზადებელ პროცესზე, რომელიც წინ უძღვის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით უცხოური გადამყვანი ავიაკომპანიის მიერ რეგულარული ფრენების დაწყებას. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ასეთ შემთხვევაში, ორ სახელმწიფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს როგორც საავიაციო ხელისუფლების, ისე დაინტერესებული ავიაკომპანიისა და მთელი საავიაციო ინდუსტრიის მაღალი მზაობა და აშშ-ს შესაბამის სტანდარტებთან სრული შესაბამისობა.

პარალელურად, განხილულ იქნა ამერიკული ავიაკომპანიების საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოზიდვის შესაძლებლობები. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებზე დაფიქსირებული მზარდი მოთხოვნა, კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის კონსულტაციებს ამ მიმართულებით. ორივე მხარის მიერ გამოითქვა მზადყოფნა ტექნიკურ დონეზე საავიაციო უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თაობაზე, იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების პროცესს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგიონალური და გლობალური გამოწვევები, სხვადასხვა დონეზე, ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთ კოორდინაციის საკითხები.  

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართული შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიცაა საავიაციო სფეროში რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები და ქვეყნებს შორის არსებული კოორდინაცია ამ მიმართულებით, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა საომარი მოქმედებების დროს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გასული 41-ე ასამბლეის შედეგები და სხვა.

გაზიარება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელი ICAO-ს ევროპის რეგიონის მეტეოროლოგიური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

სექტემბერი 26, 2022|

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი და მეტეოროლოგიური მომსახურების ინსპექტორი ნინო გელოვანი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის საავიაციო სისტემების დაგეგმარების ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში შექმნილი მეტეოროლოგიური ჯგუფის (METG) ვიცე-თავჯდომარედ აირჩიეს. არჩევნები მეტ-ჯგუფის რიგით 32-ე შეხვედრის ფარგებში, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ICAO-ს პარიზის ბიუროში შედგა. დახურული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით METG-ის თავჯდომარის მოადგილეებად არჩეულ იქნენ საქართველოს (GCAA) და შვეიცარიის (METEO SWISS) მიერ წარდგენილი კანდიდატები.

მეტეოროლოგიური ჯგუფის (METG) მიზანია სააერნაოსნო მეტეოროლოგიის მიმართულებით ICAO-ს ევროპის რეგიონის საავიაციო სისტემების დაგეგმარების ჯგუფის ამოცანების შესრულება და ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების მხარდაჭერა. ჯგუფი მუშაობს მეტეოროლოგიური სიახლეების დანერგვაზე ისეთ სფეროებში როგორიცაა: გლობალური სააერნაოსნო გეგმის (GANP) საავიაციო ბლოკების სისტემების განახლება (ASBU) და დანერგვა, მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის ახალ ფორმატზე (IWXXM) გადასვლა, კოსმოსური ამინდის ცენტრების მიერ ინფორმაციის გავრცელება, მსოფლიო ზონალური პროგნოზების ცენტრების მიერ განახლებული ინფორმაციის გავრცელება, ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციის გაღრმავება და სხვა. ასევე, ჯგუფის საქმიანობის დღის წესრიგშია საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების შესასწავლი გლობალური სისტემების შექმნის საკითხი.

გარდა აღნიშნული მიღწევისა, ნინო გელოვანი ასევე არჩეულ იქნა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) სერტიფიცირების და აუდიტის საექსპერტო ჯგუფის წამყვან აუდიტორად. აღნიშნული ჯგუფის მიზანია WMO-ს გლობალური მასშტაბით არსებული ინტეგრირებული დაკვირვების ცენტრების სერტიფიცირების და ინსპექტირების სახელმძღვანელო მასალების, აუდიტის პროცესების შექმნა, დანერგვა და განხორცილება.

გაზიარება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კატარის სახელმწიფოს ელჩს უმასპინძლა

თებერვალი 10, 2022|

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე და დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძე კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ჰასან აჰმად ალ-მუტავას შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ დოჰა – თბილისი – დოჰას საჰაერო ხაზი, რომელზეც ამჟამად კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ოპერირებს, მნიშვნელოვანი მიმართულებაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ტურისტული ნაკადების ზრდის კუთხით. ამასთან, დოჰას საერთაშორისო აეროპორტი წარმატებულად ასრულებს ერთგვარი ჰაბის ფუნქციას სხვა საერთაშორისო მიმართულებებით მგზავრების გადაადგილების თვალსაზრისით. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დოჰა-თბილისის მიმართულებაზე არსებული მოთხოვნა და ორ სახელმწიფოს შორის გაფორმებული ლიბერალური საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება კარგ საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის ფრენების და მიმართულებების შემდგომი ზრდისთვის.

კატარის სახელმწიფოს ელჩმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს კატარის საავიაციო ხელისუფლებასთან და საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედ ავიაკომპანია Qatar Airways-თან. ამასთან, მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელი შეუწყოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესს. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს არჩევნებში კატარის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხი.

გაზიარება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სპეციალური ნებართვის გაცემის წესი მიიღო

აპრილი 20, 2021|

ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განაგრძობს ეროვნული საავიაციო კანონმდებლობის დაახლოვებას ევროპულ სტანდარტებთან.

„სპეციალური ნებართვის გაცემის წესი“, რომელიც ძალაშია მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, არეგულირებს საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის მაძიებლებისთვის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს ფრენების გარკვეულ პირობებზე/სახეებზე. წესის მიღებით, სააგენტომ დანერგა ევროკავშირის 965/2012 რეგულაციის მე-5 დანართით (Part-SPA) გათვალისწინებული მოთხოვნები.

სააგენტოს მიერ სპეციალური ნებართვები გაიცემა  შემდეგი ფრენების/სისტემების გამოყენებისას:

  • RNAV/PBN/RNP-ის საჰაერო სივრცეში ან მარშრუტზე სპეციალური სპეციფიკაციების შესაბამისი ფრენა;
  • ზონალური ნაოსნობის (RNAV/PBN/RNP) საჰაერო სივრცეში ფრენა ;
  • MNPS/NAT HLA-ის განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში, სპეციალური სპეციფიკაციების მიხედვით ფრენა;
  • მინიმალური სააერნაოსნო მახასიათებლებით( MNPS/NAT HLA) განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში ფრენა;
  • ვერტიკალური ეშელონირების შემცირებული მინიმუმით (RVSM) ფრენა;
  • დაბალი ხილვადობის პირობებში ფრენა (LVO);
  • სხ-ზე ელექტრონული საფრენოსნო მოწყობილობის (EFB) განთავსება და გამოყენება;
  • სათადარიგო აეროდრომამდე გაზრდილი დროის (EDTO) წესებით ფრენა;
  • ვერტმფრენით ღამის  ხედვის სისტემის (NVIS ) გამოყენება;
  • ვერტმფრენით თოვლზე მოსრიალეთა მომსახურების სამუშაოების შესრულება;
  • ვერტმფრენით გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება;
  • საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვა.

ახალი რეგულაციით, დეტალურად არის გაწერილი ზოგადი, საფრენად ვარგისობის, საექსპლუატაციო, საფრენოსნო ეკიპაჟის მომზადების და კვალიფიკაციის მოთხოვნები ყველა იმ ფრენის მიმართ, რომელიც საჭიროებს სააგენტოს სპეციალურ ნებართვას. ამასთან, განსაზღვრულია სააგენტოში შესაბამისი განცხადების, ფორმების და სხვა დოკუმენტების  წარმოდგენის წესები და პირობები. წესით მოთხოვნილი საექსპლუატაციო პროცედურები ასახული უნდა იყოს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის / სერტიფიკატის მაძიებლის „ფრენის შესრულების სახელმძღვანელოში“, „საჰაერო ხომალდის ტექ. მომსახურების პროგრამაში“, „მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალში“ ან სხვა საექსპლუატაციო დოკუმენტში.

ნორმატიული აქტების გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში, სააგენტომ ახალი წესის პროექტი გააცნო შესაბამის ინდუსტრიას.

ევროკავშირთან ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით და ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თანმიმდევრულად ახორციელებს საავიაციო უსაფრთხოებასთან, უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან და საჰაერო მოძრაობის მართვასთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. უკვე სრულად დაინერგა ჩვიდმეტი, ხოლო ნაწილობრივ – ოცდაათზე მეტი რეგულაცია და დირექტივა, მათ შორის სრულად მოხდა მგზავრთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული ევროპული სტანდარტების ჰარმონიზება, დაინერგა უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების შემოწმების, ავიაკომპანიების ფინანსური მდგრადობის შეფასების, საავიაციო მოვლენათა შეტყობინების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირების, ავიასამედიცინო ცენტრებისა და ექსპერტების სერტიფიცირების და სხვა მნიშვნელოვანი რეგულაციები.

გაზიარება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

იანვარი 8, 2020|

8 იანვარს, უკრაინული ავიაკომპანია „Ukraine International Airlines”-ის (UIA) კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეგულარულ რეისს თეირანი-კიევის მიმართულებით, განიცადა კატასტროფა. ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაღუპულად ითვლება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს.

გაზიარება

Go to Top