სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულების ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა სააგენტოში პროფესიული პრაქტიკა გაიარეს. ორ კვირიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის პროგრამის მაგისტრანტები გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის ყველა მიმართულებას, უწყების ორგანიზაციულ მოწყობას და სტრუქტურული ერთეულების ყოველდღიური მუშაობის სპეციფიკას.
პროფესიული პრაქტიკის მიმდინარეობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავიაციო ხელისუფლების მიერ დარგის რეგულირების კუთხით წარმოებულ ძირითად პროცესებს: სამოქალაქო ავიაციის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავებას, სხვადასხვა ავიასაწარმოების სერტიფიცირებას და მათ საქმიანობაზე მუდმივ ზედამხედველობას. ასევე, სტუდენტები გაეცნენ საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანიების დაშვების საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს და პროცედურულ ასპექტებს. სასწავლო ვიზიტების დასასრულს, სტუდენტებს გადაეცათ პრაქტიკული სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
ადგილზე სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფის პარალელურად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად იღებს მონაწილეობას სტუდენტების პროფესიული მომზადების პროცესში. სააგენტოს მაღალი და საშუალო მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები და სპეციალისტები სხვადასხვა პერიოდულობით, კითხულობენ სალექციო კურსებს საავიაციო უნივერსიტეტში, რაც მნიშვნელოვანია, მომავალი ავიასპეციალისტების ცნობიერების ამაღლების და თანამედროვე, შრომის ბაზარის მოთხოვნებთან შესაბამის პრაქტიკული ცოდნის მიღების თვალსაზრისით.