
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) რიგით 42-ე ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც კანადის ქალაქ მონრეალში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მიმდინარეობს და მასში 193 წევრი სახელმწიფოს სამი ათასამდე დელეგატია მიწვეული. ასამბლეა სამ წელიწადში ერთხელ იკრიბება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომდევნო სამი წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.
ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გამოხატა საქართველოს პოზიცია ოკუპირებულ აფხაზეთში, 2025 წლის მაისიდან დაწყებულ უკანონო ფრენებთან დაკავშირებით. გივი დავითაშვილის განცხადებით, სოხუმის აეროპორტს არ აქვს მინიჭებული ICAO-ს აეროპორტის კოდი, ვინაიდან ოკუპაციის გამო, ქართულ მხარეს არ შეუძლია განახორციელოს დე ფაქტო იურისდიქცია აფხაზეთის რეგიონზე და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობა.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი არასანქცირებული ფრენა წარმოადგენს საქართველოს სრული და ექსკლუზიური სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების, მათ შორის საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციისა და გაეროს წესდების უხეშ დარღვევას.
სააგენტოს დირექტორმა, საქართველოს სახელით, მადლობა გადაუხადა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.
ICAO-ს 42-ე ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების პარალელურად, საქართველოს დელეგაციამ ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გამართა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და პარტნიორი საავიაციო ხელისუფლებების პირველ პირებთან.