სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის თაობაზე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტის ფარგლებში, საქართველოში საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემური მართვის საკითხებზე (SWIM) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების თანამშრომლებთან ერთად, სააგენტოს მოწვევით, ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, აეროპორტებისა და საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლები.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, EUROCONTROL-ის ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს SWIM-ის კონცეფცია, მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მოთხოვნები. ყურადღება გამახვილდა SWIM-ის სერვისების დანერგვის ეტაპებზე, საჭირო ტექნიკურ ინფრასტრუქტურასა და მახასიათებლებზე. ამასთან, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც თან ახლავს ახალ სისტემაზე გადასვლას, განსაკუთრებით აღინიშნა შესაბამისი ავიასაწარმოების მიერ პროცესების სინქრონული დიჯიტალიზაციის აუცილებლობა.

„System Wide Information Management“ (SWIM) წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემურ მართვას შესაბამისი სტანდარტების, ინფრასტრუქტურის და პროცესების ერთობლიობის და კვალიფიციურ მხარეებს შორის თავსებადი სერვისების გაცვლის მეშვეობით.

SWIM-ის დანერგვა ერთიანი ევროპული ცის საჰაერო მოძრაობის ორგანიზების გენერალური გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც გლობალურ და რეგიონალურ დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით, შესაბამის აქტორებს შორის საავიაციო ინფორმაციის გაცვლის პროცესის და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტების მეშვეობით სერვისების გაუმჯობესებას.