საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების საწარმო – „Geo Sky Technics”-ის თანამშრომელ ია პაიჭაძეს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის A კატეგორიის მოწმობა მიანიჭა. ია პირველი სერტიფიცირებული ქალი ავიატექნიკოსია საქართველოში. სერტიფიცირების პროცესი სააგენტოს მიერ დანერგილი „საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად, ევროკავშირის მოთხოვნების მიხედვით წარიმართა. გაცემული მოწმობის ფარგლებში, ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი უფლებამოსილია  განახორციელოს გეგმიური ოპერატიული ტექნიკური მომსახურება და მარტივი დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოები კომპანიის ფლოტში არსებულ  აირტურბინული ძრავით აღჭურვილ თვითმფრინავებზე: Boeing 737-300/400/500; Boeing 747-200/300; B757-200/300.

დღეის მდგომარეობით, სააგენტოს მიერ სულ სერტიფიცირებულია საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების 162 სპეციალისტი.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში ქალი ავიასპეციალისტების რიცხვი იზრდება. ჩვენ უკვე გვყავს სერტიფიცირებული ქალი პილოტები, ავიამეთვაყურეები, ბორტგამყოლები, ფრენის უზრუნველყოფის სპეციალისტები. 2022 წლიდან, საქართველოში საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების სერტიფიცირების ევროპული სტანდარტები დაინერგა. სანამ დამოუკიდებლად, ისეთი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულებას დაიწყებენ, როგორიც საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის უზრუნველყოფაა, ჩვენი  ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები საკმაოდ რთულ მოსამზადებელ და სერტიფიცირების ეტაპებს გადიან. საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სფეროში ქალთა ჩართულობა დაბალია მთელ მსოფლიოში. გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველი სერტიფიცირებული ავიატექნიკოსი ქალი ყავს. წარმატებები მინდა ვუსურვო იას და მის კოლეგებს პროფესიულ საქმიანობაში“ – განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.