საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიება EUROCONTROL-თან თანამშრომლობით გაიმართა და მას სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროსა და „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ძირითად საკითხებს საჰაერო მოძრაობის მართვის და საავიაციო უსაფრთხოების მიმართულებებით დანერგილი კიბერუსაფრთხოების ღონისძიებები და არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზები წარმოადგენდა. EUROCONTROL-ის ექსპერტებმა, მონაწილეებს გაუზიარეს ევროპული გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის კუთხით, ასევე ის უახლესი მეთოდები და ინოვაციური გადაწყვეტები, რაც შემუშავებულია სააერნაოსნო მომსახურების სფეროში ციფრული აქტივების დასაცავად. შეხვედრაზე მოყვანილ იქნა კიბერ საფრთხეებთან გამკლავების პრაქტიკული მაგალითები, განხილულ იქნა კიბერშეტევის იდენტიფიცირების, ინციდენტების მართვის მექანიზმები და კონკრეტული სერვისები. გახშირებული კიბერდანაშაულის ფაქტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე ავიასაწამოებისა და დარგის მარეგულირებლების ურთიერთქმედების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საავიაციო ოპერაციების უწყვეტობა და უსაფრთხოება.