ბაჰრეინის სამეფოს წამყვანმა ავიაკომპანია Gulf Air-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლა განაახლა. ბაჰრეინი – თბილისი – ბაჰრეინის საჰაერო ხაზზე, პანდემიის შემდგომ, პირველი ფრენა გუშინ, 5 ივლისს შესრულდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ბაჰრეინსა და თბილისს შორის (შუალედური პუნქტი: ბაქო) მიმდინარე წლის 4 სექტემბრამდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასაწყისში მიენიჭა. Gulf Air-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.