ბელორუსული ავიაკომპანია Belavia საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 4 თებერვლიდან განაახლებს. მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს შესრულდება. მგზავრთა გადაყვანა არსებული სასაზღვრო და სანიტარული რეგულაციების გათვალისწინებით მოხდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა 29 იანვარს მიენიჭა. იხილეთ თებერვლის რეგულარული რეისების ფრენის განრიგი: https://gcaa.ge/geo/tbilisiout.php
განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.