უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია საქართველოსა და ჩინეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, პეკინსა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან, ქალაქ ურუმჩის გავლით, შემდეგი მარშრუტით განხორციელდება:  პეკინი – ურუმჩი – თბილისი – ურუმჩი – პეკინი. ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Air China-ს ოპერირების ნებართვა დღეს მიანიჭა.

აღსანიშნავია, რომ პეკინსა და თბილისს შორის ავიარეისების დაწყება შესაძლებელი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტისა და სხვა საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გამართული წარმატებული მოლაპარაკებების შემდეგ. სწორედ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის მიერ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საჰაერო აბრეშუმის გზის განვითარების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას საჰაერო მიმოსვლის ლიბერალურ პრინციპებზე დაყრდნობით. ამავე საკითხზე, უწყებათაშორისი მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას შორის.

Air China საქართველოს ბაზარზე 2024 წლის დეკემბერში შემოვიდა. დღეის მდგომარეობით ავიაკომპანია ფრენებს თბილისსა და ურუმჩის შორის კვირაში 2 სიხშირით ასრულებს და მიმდინარე წლის 10 თვის მდგომარეობით 25 035 მგზავრი ყავს გადაყვანილი.