საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Turkish Airlines-ის და Pegasus Airlines-ის რეგულარული რეისების ფრენის განრიგები დაამტკიცა.
მიმდინარე წლის 1 მარტიდან, ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ყოველდღიურად, დღეში ორჯერ იფრენს, ხოლო სტამბოლი-ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება. ამასთან ავიაკომპანია ზრდის მრავალჯერადი ჩარტერული რეისების სიხშირეს თებერვლის განმავლობაში. კერძოდ, 15 თებერვლამდე, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება, ხოლო 15 თებერვლიდან თვის ბოლომდე კი, კვირაში 7 სიხშირით.
4 თებერვლიდან, რეგულარულ ოპერირებაზე გადავიდა Pegasus Airlines-ი. ავიაკომპანია თავდაპირველად ფრენებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს, ხოლო 12 თებერვლიდან კი დაემატება კიდევ 1 სიხშირე.
იხილეთ რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი: https://gcaa.ge/geo/tbilisiout.php
განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.